მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში სანაპიროს რეაბილიტაციაზე 2 მლნ არაეფექტიანად დაიხარჯა; სამუშაოები უხარისხოა – აუდიტი

622db5ec02610
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 13:32
1720
ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, დასრულებული არ არის, სანაპირო ზოლი უფუნქციოა, საბიუჯეტო თანხები კი არაეფექტიანად არის დახარჯული ,– ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელმაც ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც აუდიტი აღნიშნავს, 2017 წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის მეორე ეტაპის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმა ფილიალს/წარმომადგენლობა „ანტ სტროი ლტდ 2016“-ს, ღირებულებით 3,8 მლნ ლარი.

პროექტი ითვალისწინებდა მალთაყვის სანაპირო ზოლზე გზისა და ბულვარის განათების, კაფე- სანაყინეების, ხიდების, საჩრდილობლების, სათვალთვალო კოშკების, საშხაპეების, სკუტერების მისადგომის და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოებს.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 28 სექტემბერს. დასრულების ვადა გაიზარდა 2018 წლის 28 დეკემბერამდე.

“მიმწოდებელმა პროექტის დასრულება ვერ შეძლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3,836.2 ათასი ლარის სამუშაოდან შეასრულა მხოლოდ 2,026.7 ათასი ლარის სამუშაო, რის გამოც 2019 წლის 25 იანვარს შეუწყდა ხელშეკრულება.

“დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 469.8 ათასი ლარის სამუშაოებზე არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების მოცულობა და ხარისხი ექსპერტიზის მიერ შემოწმებული და დადასტურებული არ იყო, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ჩაიბარა და მიმწოდებელს აუნაზღაურა ფორმა №2-ში წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია, რომ აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, უმეტესობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პროექტი დაუსრულებელია, უფუნქციოა, რადგან შეუძლებელია მისი დანიშნულებით გამოყენება”,– ნათქვამია დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები