მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილი გაიაფდა, პური - არა - პურის მრეწველთა კავშირი განმარტებას აკეთებს

6423fafc385d6
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 12:50
882
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ გასულ წელთან შედარებით ფქვილის ღირებულება შემცირებულია, თუმცა პური არ გაიაფებულა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ არ აისახა ფქვილის გაიაფება პურის ფასზე, მალხაზ დოლიძე აცხადებს: „ჩვენ თუ ფასებზე გავაკეთებთ ფოკუსირებას, ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს“ და დასძენს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში პური მცირედით იაფია, რადგან იქ სხვა ფაქტორები მოქმედებს.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც პურის ფასი დღემდე არ შემცირებულა.

„დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით 10-15 ლარით არის შემცირებული. შარშან ფქვილი 70 ლარი ღირდა და დღეს ერთი ტომარა დაახლოებით 60 ლარამდე ღირს. ძალიან პრიმიტიულად იციან თქმა, რომ ფქვილი 20 ლარით გაიაფდა და პურის ღირებულება არ შემცირებულა. ასევე იმასაც ამბობენ, რომ არაფერი შეცვლილა... როგორ არ შეიცვალა? ფქვილმა დაიკლო, მაგრამ ელექტროენერგიამ არ მოიმატა?! წყალი 4.20 ლარი ღირდა, ახლა 6.40 ლარი ღირს, ბუნებრივი აირიც გაძვირდა, HACCP-ის კანონმდებლობა ხომ უნდა შემოვიდეს - ამასაც ხარჯები უნდა. არავინ არაფერს არ ანგარიშობს“, - ამბობს დოლიძე.

თუმცა პურის მწარმოებელთა წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ სურსათზე ფასების შემცირების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში პურის გაიაფებაზე მსჯელობა მიდის და დარგის წარმომადგენელთა შორის შეხვედრები იმართება.

„სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასები დაკორექტირდეს დაკლებისკენ... არის ასეთი მოლოდინიც, რომ პურის ფასიც, შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო უნდა. ამისთვის კომპანიებთან ვმუშაობთ“, - აღნიშნა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები