მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის, რაც პრემიერმა განაცხადა, ჩვენ შევასრულებთ“ - 10 აპრილიდან პური 10 თეთრით გაიაფდება

642e7ed527725
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 12:14
563
„10 აპრილიდან გადაწყვეტილია, რომ მწარმოებლები ქვის პურს, იგივე სოციალური პურის ფასს 10 თეთრით შეამცირებენ“, - ეს განცხადება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქმე ის არის, რომ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს. პურის გაიაფების მოლოდინი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათის და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას გამოთქვა. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, იმავე დღეს BM.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ პური გაიაფდებოდა, თუმცა დრო არ დაუზუსტებია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კი მალხაზ დოლიძემ განაცხადა: „ის, რაც პრემიერმა გამოაცხადა, ჩვენ ამ სიტყვას შევასრულებთ და ვაჭრობის ობიექტებს პური 10 თეთრით ნაკლებად მიეწოდება“.

მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ ფასის კლება პურის წონაზე არ აისახება.

კითხვაზე - ასახავენ თუ არა 10 თეთრით იაფად მიწვდილი პურის ფასს მაღაზიები, პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა განმარტა: „ქსელური მაღაზიები, სადაც ურთიერთობები მოწესრიგებულია, იქ ეს პრობლემა არ იქნება. უბნის მაღაზიებს რაც შეეხება, აქ გარანტორი ვერ ვიქნები, რადგან ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ყველა ფასნამატს თვითონ ადგენს, თუმცა როდესაც მომხმარებელი ნახავს, რომ ერთ მაღაზიაში უფრო იაფია, ვიდრე მეორეში, რა თქმა უნდა, დაბალ ფასად შეიძენს პურს და ამის იმედი მაქვს“, - განმარტა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები