მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის იმპორტზე ბარიერები უნდა დაწესდეს - ფოთის მარცვლეულის ტერმინალი

62bafa127bcbc
მარიამ ვარადაშვილი
28.06.22 21:15
929
მთავრობამ ერთი წლით ქვეყნიდან ქერისა და ხორბლის ექსპორტი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოებით ახსნა. ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი მთავრობას გადაწყვეტილებას უწონებს და ფქვილის იმპორტზე ბარიერის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

“ვფიქრობ, სამინისტროს მხრიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს მცირე ხნით სასურსათო უსაფრთხოების შეგრძნებას გააჩენს. იმისთვის, რომ უფრო მყარი გახდეს ეს უსაფრთხოება, აუცილებელია სხვა ნაბიჯების გადადგმაც. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველა წისქვილს მუშაობა შეწყვეტილი აქვს და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხორბლის იმპორტი არ ხდება. მთელი ქვეყანა ფქვილის იმპორტზეა გადასული, რის გამოც ფქვილზე დამოკიდებულებაა გაზრდილი. რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 1.5-2 თვის მარაგს უზრუნველყოფს ქვეყანაში, აუცილებელია სახელმწიფომ შემდეგი ნაბიჯებიც გადადგას”,-აცხადებს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობამ ფქვილის იმპორტზე ბარიერები დააწესოს, რის შედეგად ქვეყანაში ხორბლის ექსპორტი განახლდება, რომლის შენახვა ფქვილისგან განსხვავებით 6 თვეზე მეტ ხანს არის შესაძლებელი.

“ფასის ზრდის რისკს არაფერი აზღვევს. გლობალური ბაზრის ნაწილი ვართ და მსოფლიოში ყველა ცივილიზებული ქვეყანა ხორბლის მარაგებს აკეთებს, ხოლო ფქვილის იმპორტი გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სასურსათო უსაფრთხოება ძირითადად ხორბლის მარაგით განისაზღვრება. ეს ერთადერთია, რაც შიდა ბაზარს აძლიერებს. გასაგებია, რომ პურის ფასის კუთხით ზემოქმედებას იქონიებს, თუმცა ეს ნაწილი დარეგულირებადია. პური ყველა შემთხვევაში ძვირდება და გლობალურ ბაზარზე ნებისმიერ შემთხვევაში მიბმული ვართ. ფქვილის დღევანდელი ფასი, რაც პურის ფასს განსაზღვრას, ხვალ რამდენი იქნება ამას ვერავინ განსაზღვრავს”, - აცხადებს კუბლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები