ღვინის ფრანგი მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ყურძნის წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, რეკორდულად შემცირდება - ამის შესახებ Daily Mail წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს ამინდის მწვავე პირობების გამო, რაც გვალვაში გამოიხატა, ყურძნის წლევანდელი მოსავალი და ღვინის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, მეღვინეობა Domaine Roland Lavantureux, რომელიც შარდონეს აწარმოებს, აცხადებს, რომ მათ ვენახებში მოსავლის აღება მხოლოდ 9 დღეს გაგრძელდა, რაც ჩვეულებრივ დროსთან შედარებით განახევრებულია - კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2024 წელს წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამინდის პირობები მძიმე იყო მთელი წლის განმავლობაში - ყინვამ თუ რეკორდული რაოდენობის ნალექმა ვენახებში სოკოს გავრცელებას შეუწყო ხელი, რამაც, თავის მხრივ, მოსავლის მოცულობაზე იქონია გავლენა.
ღვინის მწარმოებელი დეივიდ ვენატურეუ, რომელიც ინდუსტრიაში 2010 წლიდან მოღვაწეობს, აღნიშნავს რომ 2024 სექტორისთვის ყველაზე მძიმე წელი იქნება.
ბურგუნდიის ღვინის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ამ ნაწილში მაისში მომხდარი შტორმის გამო 1000 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახი დაზიანდა, ჭარბმა ტენიანობამ კი დაავადებების გავრცელებას შეუწყო ხელი. მეღვინეები აცხადებენ, რომ საუბარია მოსავლის 60-დან 65%-მდე შემცირებაზე.
წინასწარი გამოთვლებით, ღვინის მწარმოებელ რეგიონებში წარმადობა 39.3 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწევს, რაც 18%-ით დაბალია 2023 წლის შედეგებთან შედარებით, ბოლო 5 წლის საშუალოსთან შედარებით კი - 11%-ით დაბალი.