Groupe Atlantic-ი ფრანგული კორპორაციაა, რომელიც გათბობა გაგრილების სისტემებს აწარმოებს. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 3.2 მილიარდ ევროს აჭარბებს და მასში 13 ათასი ადამიანია დასაქმებული. კორპორაციას მსოფლიოს გარშემო 31 ქარხანა აქვს, მათ შორის ერთი 2017 წლიდან ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არის მოქმედი.
კომპანიის ქართულმა შვილობილმა “ატლანტიკ საქართველომ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტის თანახმად კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 10 მილიონი ლარით, 61 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, შემოსავლების მატების მიუხედავად, კომპანიას გაეზარდა ხარჯებიც და გასულ წელს კომპანიის მთლიანი ზარალი 3.1 მილიონი ლარიდან 8.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, რეალიზებული საქონლის თვითირებულებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის 45.8 მილიონი ლარი საწარმოო ნედლეულზე მოდიოდა, 4.6 მილიონი ლარი ცვეთასა და ამორტიზაციაზე, 6.4 მილიონი კი ხელფასებზე.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ატლანტიკ საქართველოს” აქტივები 81.6 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 23.5 მილიონი ლარია. ამასთან, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი 52 მილიონი ლარის ოდენობით.
“კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტრო წყლის გამაცხელებლების წარმოება. ატლანტიკ ჯორჯიამ პირველი წყლის გამაცხელებელი 2017 წლის დეკემბერში შექმნა. 2021 წელს კომპანიამ აწარმოა 264 ათასი წყლის გამაცხელებელი და პროდუქციის 98.08% ექსპორტზე გაიტანა რუსეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, უკრაინაში და ესპანეთში საერთო კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოებში. ხოლო 2022 წელს კომპანიამ აწარმოა 283 ათასი წყლის გამაცხელებელი და პროდუქციის 97.6% ექსპორტზე გაიტანა საერთო კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოებში რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში და პოლონეთში.
2023 წელს Atlantic Georgia გეგმავს წარმოების გაზრდას და დაახლოებით 352 ათასი წყლის გამაცხელებლის წარმოებას. 2022 წლის სექტემბერში კომპანიამ გახსნა ახალი ხაზი წყლის გამაცხელებლების წარმოებისთვის, რამაც გაზარდა წარმოების სიმძლავრე. ასევე, 2021 წელს, კომპანიამ მოამზადა ახალი ხაზი კერამიკული გამათბობელი ელემენტების (წყლის გამაცხელებლის ნაწილი) წარმოებისთვის და დაამატა მეორე ხაზი 2022 წლის აგვისტოში. საანგარიშგებო წლის განმავლობაში კომპანიამ საფრანგეთში გაიტანა 205 ათასი სტეატიტის გამაცხელებელი ელემენტი. 2023 წელს კომპანია გეგმავს 448 ათასი სტეატიტის გამათბობელი ელემენტების წარმოებას და გაყიდვას. 2022 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის - გამაცხელებელი სხეულის (CDC) წარმოება და გაყიდა 13 ათასი ერთეული. 2023 წელს კომპანია გეგმავს 70 ათასი ერთეულის წარმოებას და გაყიდვას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.