პირველადი შეფასებით, იმ კომპანიების ბრუნვა, ვინც Freebusiness-ის პლატფორმას შემოუერთდა, 10 მლრდ ლარზე მეტია,- ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა Freebusiness.ge-ს კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ბიზნესების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 2 მლრდ ლარს აჭარბებს.
ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ იყო დაკნინების მცდელობები, რომ 2 428 კომპანია, რომელიც პლატფორმას შეუერთდა, არაფერს წარმოადგენს, რეალურად კი, მისი თქმით, ძალიან დიდ ერთობაზეა საუბარი.
"ეს არის უპრეცედენტო ერთობა და ძალიან მიხარია, რომ ეს არის გამაერთიანებელი პლატფორმა. ეს იყო ღირებულებების გარშემო გაერთიანება, არავინ შემოერთებია თავისუფალი ბიზნესების პლატფორმას, იმიტომ რომ რაღაც პირადი სარგებელი მიეღო", - თქვა გიორგი ჩუგოშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პლატფორმაზე გაერთიანება ნიშნავს ერთი ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას. "ეს ღირებულებებია: ჩვენი ქვეყნის მთავარი სლოგანი - "ძალა ერთობაშია". ასევე, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ბიზნესი აგენერირებს დოვლათს, იხდის გადასახადებს და არ უნდა ეშინოდეს თავისი პოზიციის დაფიქსირება. ბიზნესი არის ნებისმიერი პროგრესის და ინოვაციის ინიციატორი და ეს ასე უნდა დარჩეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსები შეიცვალოს და ბიზნესმა დაიჯეროს თავისი ძალის და იმის, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია ხალხის და ბიზნესის მიმართ, ბიზნესმა შეიძლება ნაწილობრივ "ვოჩდოგის" ფუნქციაც შეასრულოს", - აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.
დღეს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი თემაა "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები".


























