მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freedom House-ის ანგარიშს უფრო მაღალი ხარისხი მოეთხოვება - უჩა სეთური

5f8879de665e7
სალომე მეცხვარიშვილი
15.10.20 21:00
1058
“მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელი უჩა სეთური Freedom House-ის ანგარიშს აკრიტიკებს, რომელიც საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსს ზომავს.

Freedom House-ის წერს, რომ საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა იზრდება, მაგრამ დაბრკოლებები მაინც არსებობს - ბოლო მონაცემით, მოსახლეობის 79.3%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან.

“ინტერნეტის მოხმარების ზრდასთან ერთად ბევრი მომხმარებელი წუხდა ინტერნეტის დაბალი ხარისხის გამო, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში”- წერს ორგანიზაცია. ანგარიშის მიხედვითვე, საქართველოში ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა სომხეთი, რუსეთი და უკრაინა.

“ანგარიშში არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მოითხოვს მეტ დეტალიზაციას, კონკრეტიკას და უფრო მეტი სიცხადის შემოტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არასწორ სურათს.

ისე გამომდის, როგორც ადამიანებს, Freedom House-ის ანგარიშს რომ არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, უფრო მაღალი ხარისხი მოეთხოვება ამ ანგარიშს. ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ რომ არ ვიყო დარწმუნებული ჩემს თავში, ამას არ ვიტყოდი”,- აცხადებს სეთური.

“მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელი არ ეთანხმება ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ინტერნეტის დაბალ ხარისხზეა საუბარი. ორგანიზაცია ამ დასკვნის გასაკეთებლად ეყრდნობოდა Ookla-ს მიერ ჩატარებულ გაზომვებს, რასაც უჩა სეთური უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის ზუსტ მონაცემს ვერ იძლევა.

“Ookla-ს მიერ ჩატარებული გაზომვები არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემი, რომელიც გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. ამ სისტემას არც დავნერგავდით, Ookla რომ იძლეოდეს ზუსტ სურათს.

ასევე განცხადებები, რომ საქართველოში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ცუდი ინტერნეტია და ის, რომ ინტერნეტზე მოთხოვნა იყო და ვერ კმაყოფილდებოდა...რა თქმა უნდა, რეგიონებში ინტერნეტის დაფარვის საკითხში უკეთესი სურათი სასურველი იქნებოდა, მაგრამ რეალურად მოთხოვნა არის ძალიან დაბალი. როცა ვეკითხები ჩემს ოპერატორებს, რატომ გყავთ 20 მომხმარებელი სოფელში, სადაც 200 კაცია ჩაწერილი? მპასუხობენ, რომ არ არის მოთხოვნა. როცა გვეუბნებიან, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მივაწოდოთ, ხალხი იმის ფულსაც ვერ იხდის, რაც მიეწოდება”,- აცხადებს უჩა სეთური და აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონის ცალსახა ლიდერია დაბალი ფასის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის და კონკურენციის მიმართულებით.

უჩა სეთური ასევე არ ეთანხმება ანგარიშში მოცემულ განცხადებას, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით გადაიდგა ნაბიჯები, რასაც მცირე და საშუალო ოპერატორები დადებითად აფასებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ამას შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება. სეთური ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები, რომელმაც მცირე ტელეკომოპერატორებს სხვადასხვა მიმართულებით ფასები შეუმცირა, უკვე ძალაშია და ამას თავისი ეფექტი უკვე აქვს.

“შემიძლია ვთქვა მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების სახელით, რომ ზუსტად ამ პერიოდში ამოქმედდა რეგულაციები, რომლებმაც დრამატულად შეცვალა ბაზარი, გაზარდა კონკურენცია. 7-8 სეგმენტის ლიბერალიზაცია მოხდა, რაც არ ჩანს ანგარიშში და ჩანს ისეთი სურათი, რომ მცირე და საშუალო ოპერატორები მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ, რომ ეს ცვლილებები მათ დაეხმარებათ. არადა პირველი იანვრიდან ამოქმედდა ეს რეგულაციები, ტარიფები ჩვენთვის 7-8-ჯერ უფრო ძვირი იყო, ახლა ბევრად იაფია”,- აცხადებს უჩა სეთური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები