თავისუფალი ბიზნესების (Freebusiness) ქვეპლატფორმა Freedonation-მა ერთი კვირის განმავლობაში ₾700 000 მოიზიდა. როგორც პლატფორმის იდეის ავტორი, გიორგი ჩუგოშვილი "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, ქვეყანაში დემოკრატიის დაფინანსებაში, ფიზიკურ პირებთან ერთად, ბიზნესიც მონაწილეობს.
"შედეგები პირველი რამდენიმე დღისთვის ნამდვილად არაა ცუდი. ვცდილობთ, თანხების მობილიზება გავაკეთოთ ყველა იმ მხარისთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის, ოღონდ არა ერთჯერადი ჩარიცხვით, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ მომავალი უფრო განჭვრეტადი იყოს მათთვის. ჯამური კონტრიბუცია, რაზეც დასტური გვაქვს მიღებული შემომწირველებისგან 700 000 ლარია. ეს თანხები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ 3-4 თვეზე, თუმცა ამ თავიდანვე მნიშვნელოვანი ჩარიცხვები უკვე წავიდა ჩვენს ბენეფიციარებთან.
საოპერაციო ნაწილს კიდევ უფრო ვხვეწთ, უფრო დალაგდება უახლოეს დღეებში. ყველაზე მეტად მახარებს, რომ შემოწირულებების 85% არის ბიზნესისგან, ასევე დაახლოებით 800-მდე ფიზიკური პირია, რომელმაც ასევე გააკეთა კონტრიბუცია საერთო საქმეში. იმ მოცემულობაში, როცა აღარ არის გრანტები, აღარ აქვთ ამ ორგანიზაციებს დაფინანსება, საზოგადოების და, პირველ რიგში, ბიზნესის პასუხისმგებლობა ხდება, რომ ჩვენვე დავაფინანსოთ დემოკრატია ", - აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.
მისი განმარტებით, პლატფორმაზე განთავსებული ბენეფიციარებისთვის დაფინანსება დაბალანსებულია: "საკმაოდ გადანაწილებულია თანხები მედიას, ფონდებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს შორის, რაც ძალიან გვახარებს, ესეც ბუნებრივია ყველას თავისი ინტერესის სფერო ან საყვარელი ორგანიზაცია აქვს".
ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ Freedonation-ზე ბენეფიციარების დამატება ამ დრომდე გრძელდება, სხვადასხვა ორგანიზაციას კი თავად აქვს შესაძლებლობა, ვებგვერდის საშუალებით, ბენეფიციართა სიაში დამატება მოითხოვოს.
freedonation-ის პრეზენტაცია 21 თებერვალს BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" შედგა. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის გაგრძელება იმ აქტორების ფინანსური ხელშეწყობაა, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას აძლიერებენ.