სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში, დიდ დიღომში ახალ ფილიალს გახსნის. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, სოფიო კორძახია განმარტავს, ფილიალს გახსნა ჯერ კიდევ 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუროკრატიული ბარიერების გამო გახსნის თარიღმა 2024 წლისთვის გადაიწია.
"ჩვენი კონცეფცია ჩვენივე მიწის ნაკვეთებზე დეველოპერული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, სადაც შემდგომ სუპერმარკეტი იწყებს ოპერირებას. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, ქვეყანაში არსებული ბიუროკრატიის გამო კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივდება. სწორედ ამიტომ, 2023 წელს დაგეგმილი ფილიალის გახსნამ დროში გადაიწია და ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის მიწურულს კიდევ ერთი სუპერმარკეტით გავახარებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს", - ამბობს სოფიო კორძახია.
"ფრესკოს" დიდი დიღმის ფილიალის 20 მილიონი ლარის ინვესტიციით აშენდება, საერთო სამშენებლო ფართი კი 5000 კვ.მ იქნება. 1500 კვ.მ სავაჭრო ფართს დაეთმობა, დარჩენილი ნაწილი კი სასაწყობე ფართი იქნება.
"ყველა ჩვენს ფილიალში ადგილზე დამზადებული პროდუქცია იყიდება. ყოველთვის ახალ პროდუქტებს ვთავაზობთ მომხმარებლებს და აქედან გამომდინარე გარკვეული ფართობები სამეურნეო ნაწილს უკავია", - აღნიშნავს "ფრესკოს" გენერალური დირექტორი.
ახალი ფილიალის გახსნით "ფრესკო" დამატებით 100 სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ახალი ფილიალის დამატებისკენ კომპანიას საკმაოდ წარმატებულმა და ნაყოფიერმა გასულმა წელმა უბიძგა. 2023 წელს "ფრესკომ" პროდუქციის რეალიზაცია 20%-ით გაზარდა და ასევე მზარდია ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც.
"ეს შედეგი როგორც ჩვენი თანამშრომლებს დიდ შრომას, ასევე ჩვენი მომხმარებლების ერთგულებას უკავშირდება. ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალი მომხმარებელი გვემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი არა სუპერმარკეტების რაოდენობის ზრდის, არამედ კომპანიის ზრდისა და განვითარების ხარჯზე ხდება.
გარდა ამისა, წლევანდელი შედეგი პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასაც უკავშირდება. ასევე ძალიან წარმატებით მუშაობს ჩვენი მზა კვების ხაზი და ამ მხრივაც საკმაოდ ბევრი სიახლე შევთავაზეთ გასულ წელს მომხმარებლებს, დავამატეთ როგორც ტკბილეული, ისე სხვადასხვა კერძი. გავზარდეთ ჩვენი კაფეების ფართობიც და საბოლოოდ ეს ყველაფერი მომხმარებლის რაოდენობის ზრდასა და მათ კმაყოფილებაში აისახა", - განმარტავს "ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია.
ცნობისთვის: "ფრესკო" თბილისის მასშტაბით 9 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და ჯამურად 1000-მდე ადამიანს ასაქმებს.