მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრიდმანმა და ავენმა Alfa-Bank-ის წილები გაყიდეს

ფრიდმანი / ავენი

რუსეთის უდიდესი კერძო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსმა ოლიგარქებმა, მიხაილ ფრიდმანმა და პიოტრ ავენმა "ალფა ბანკში" და მასთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანია Alfa Strakhovanie-ში საკუთარი წილები გაყიდეს. ამიერიდან, მილიარდერების წილების ბენეფიციარი მათი დიდი ხნის პარტნიორი, ანდრეი კოსოგოვი იქნება. ბანკში ოლიგარქები 45%-იან წილს ფლობდნენ, როცა სადაზღვევო ბიზნესში მათი ჯამური წილი 42% იყო, ხოლო თავად გარიგება, რომლის შესახებ ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი, 2023 წელს შედგა. ტრანზაქციის დროს, აქტივების ჯამური შეფასება $2.5 მილიარდი იყო.

რუსეთის უდიდესი კომპანიების საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელის შესახებ წლების წინ ფაქტობრივად არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ანდრეი კოგოსოვი ევროკავშირს ამ დრომდე არ დაუსანქცირებია. განსხვავებულია საქმე მიხაილ ფრიდმანთან და პიოტრ ავენთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე დაასანქცირა. ოლიგარქების მიერ Alfa-Bank-ის და Alfa Strakhovanie-ს წილების დათმობა, სავარაუდოდ, სწორედ სანქციების მოხსნას უკავშირდება, რასაც ორივე მილიარდერი ომის დაწყების შემდეგ ითხოვს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ წელს, ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ მიხაილ ფრიდმანის და პიოტრ ავენის სარჩელი დააკმაყოფილა და მილიარდერებისადმი სანქციების დაწესება გაუმართლებლად მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, სანქცირების მიზეზები არასაკმარისად იყო დასაბუთებული. შედეგად, ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები ნაწილობრივ მოიხსნა, მაგრამ ფრიდმანიცა და ავენიც ევროკავშირის სანქციების სიაში დარჩნენ. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ წამყვანი რუსი ბიზნესმენები არიან, რომლებიც კრემლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში ოპერირებენ.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად სანქცირებულ ოლიგარქებზე. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მიხაილ ფრიდმანი $13.6 მილიარდის ქონებას ფლობს, როცა პიოტრ ავენის საკუთრებაში არსებული აქტივები $4.4 მილიარდადაა შეფასებული. ანდრეი კოსოგოვი Fobes-ის სიაში არ ჩანს, მაგრამ მის სახელზე არსებული აქტივების ღირებულებას თუ გავითვალისწინებთ, ისიც მილიარდერი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები