მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera: ჩვენ არასოდეს, არცერთი პოლიტიკოსისთვის თანხა არ გადაგვიხდია

5e46aceabc101
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 19:40
1484
ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არის უმსხვილესი, რომელშიც საქართველოს მთავრობა არის ჩართული. მხოლოდ იურიდიული მომსახურების შეძენა სახელმწიფოს $7.4 მილიონი დოლარი უჯდება. დავის შესახებ არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული აშშ-ის როგორც სენატის, ასევე კონგრესის წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებში კონგრესმენები საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

კონგრესმენთა განცხადებებთან დაკავშირებით BMG-სთან საუბარში Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ კონგრესმენთა განცხადებები არ უკავშირდება ლობიზმს და რომ კომპანიას "არცერთი პოლიტიკოსისთვის თანხა არ გადაუხდია. 

კითხვა - კონგრესმენთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მინდა გკითხოთ. არაერთმა კონგრესმენმა გააკეთა თქვენი მხარდამჭერი განცხადება, საქართველოს მთავრობის თქმით კი, ეს განცხადებები შეცდომაში შემყვანი იყო, გაკეთდა განცხადებები თითქოს კონგრესმენები ლობისტურ საქმიანობასაც ეწევიან. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან მიმართებით, რა ურთიერთობა გაქვთ წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან ან როგორ დაინტერესდნენ ისინი თქვენი კომპანიის საქმიანობით? 

პასუხი - "ჩვენი პრობლემით დაინტერესება გუშინ და დღეს არ მომხდარა, ძალიან დიდი ხანია იცნობენ ჩვენ სამუშაოებსა და ჩვენს კომპანიას. ჩვენი სამუშაოები ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში და სხვა პროექტებშიც, მჭიდრო კავშირშია, ჰიუსტონთან, სხვადასხვა ლაბორატორიებთან და ხალხთან. ამიტომ ისინი კარგად იცნობენ ჩვენს საქმიანობას და იცნობენ იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც წლების განმავლობაში გვიწევს მუშაობა საქართველოში. ეს პირველად არ ხდება, როდესაც მხარდამჭერ კომუნიკაციას აგზავნიან საქართველოში, ძალიან დიდი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო კონგრესმენებისა და სენატორების, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან 2013 წელს, 2014 წელს, ჩვენ ვერ შევძლებდით საქართველოს ისტორიაში პირველი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ქართული გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა. 

რომ არ ყოფილიყო ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, სენატორებისა და კონგრესმენებისა, 2014 წელს, ჩვენ ვერ შევძლებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრაქტით გვეკუთნოდა - რომ მოგვეპოვებინა ლიცენზია, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული გაზი, გაგვეტარებინა ჩვენ მიერ აშენებულ გაზსადენში. ასე რომ, 2013-2014 წლებში კიდევ უფრო ინტენსიური იყო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს ახლაა. ასე, რომ, ეს არ არის ახალი ამბავი და ასეთი ტონი და ასეთი დამოკიდებულება და ასეთი შეშფოთება იქ დიდი ხანია არსებობს - ეს კი იმ ვითარების გამო, რა ვითარებაშიც უწევს ამერიკულ კომპანიას საქართველოში საქმიანობა. 

რაც შეეხება ლობისტებზე განცხადებას. კონგრესმენი ვერ შეიძლება იყოს ლობისტი. ლობისტი შეიძლება იყოს მხოლოდ ლობისტი, მაგრამ ის საინფორმაციო წყარო, რითიც ზოგ-ზოგიერთი სარგებლობს, რომ ცდილობს დაადასტუროს, თითქოს Frontera რომელიმე პოლიტიკოსს უხდის თანხას, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. 

არასოდეს, Frontera-ს არცერთი პოლიტიკოსისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია,"- ამბობს ზაზა მამულაიშვილი. 

Frontera-ს საკითხის შესახებ კონგრესმენთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ცრუ ინფორმაციაზე" დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია უწოდა.  

"რა თქმა უნდა სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ ბოლო პერიოდში ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება. მაგრამ, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც რა თქმა უნდა მოყვება,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები