მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera: საქართველოში აღმოჩენილი გაზის საბადო ამერიკული კომპანიის მიერ არის დადასტურებული

5e46cbf9a2a78
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 22:00
14943
Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ კომპანიiს მიერ მიკვლეული გაზის საბადო ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ არის შეფასებული და დადასტურებული. 

ზაზა მამულაიშვილი მთავრობასთან მიმდინარე დავის შესახებ ამბობს, რომ სახელმწიფომ კომპანიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ აღმოსავლეთ საქართველოში დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობის შესახებ გააკეთეს განცხადება. 

კითხვა - ბუნებრივი რესურსების მარაგის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გკითხავთ. სახელმწიფო ამ განცხადებებს სკეპტიციზმით შეხვდა და მათგან იყო იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ამ მოცულობის ბუნებრივი რესურსების მარაგი. რა დამადასტურებელ საბუთებზე დაყრდნობით გააკეთეთ აღნიშნული განცხადებები? 

"სამუშაოების მოცულობა არის უპრეცედენტოდ დიდი საქართველოსთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის. ნებისმიერ რეგიონს ან ქვეყანას, შეშურდებოდა ის მოცულობა სამუშაოებისა და ინვესტირებისა, რაც ჩვენ ჩავატარეთ. სხვათა შორის, იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ამა თუ იმ ფორმით სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს განცხადებებს, საინტერესოა, მათ რომ ჰკითხოთ, ბოლოს როდის გაეცნენ სამუშაოების იმ შედეგებს, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ იქ არ არის ასეთი მარაგი ბუნებრივი გაზისა. მე გარწმუნებთ, რომ მარაგი არის და თანაც ძალიან დიდი. 

ეს არის ისეთი მარაგი, რომელმაც ძალიან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება - მისი კეთილდღეობის ამაღლებისკენ. 

როგორ მივედით ამ დასკვნამდე? - ეს დასკვნა გაკეთდა იმ სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, რასაც წლების განმავლობაში ვახორციელებდით. ეს გახლავთ სეისმური კვლევა, ეს გახლავთ ბურღვები, ეს გახლავთ ტესტირებები ჭაბურღილების, ეს გახლავთ სხვადასხვა სახის ე.წ სტიმულირება მოპოვებისა, ნავთობ და გაზ შემცველი ფენებისა. ამ სამუშაოების შედეგიდან გამომდინარე, მთელი ეს მასალა, როგორც კი წარვუდგინეთ მსოფლიო ხუთეულს - უდიდეს კომპანიებს ამერიკულს, რომლებიც სერთიფიცირებას ახორციელებენ ამ მარაგებისა, მათ თითოეულ ამ შემთხვევაზე წელიწადი-წელიწადნახევარი დახარჯეს, რომ დაემუშავებინათ კიდევ ეს მასალა და მოგვცეს კიდეც დასკვნა, რომელიც პირველად საქართველოს ისტორიაში, წარვუდგინეთ საქართველოს სახელმწიფოს. 

ასეთი რამ ადრე ამ მომხდარა. ჩვენ ვამაყობთ, რომ უზარმაზარი სამუშაოების მოცულობის ჩატარების შედეგად და ძალიან დიდი ინვესტირების შედეგად, საქართველოსთვის შევქმენით უზარმაზარი პოტენციალი, რომლის არსებობის შესახებაც არავინ იცოდა. 

ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგი ეტაპი იქნება ის, რასაც ვფიქრობდით 2013 წელსაც, თუმცა დღემდე არ მოგვეცა ამის საშუალება, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც არის ამ მარაგის ათვისება და უკვე რეალურ კაპიტალად ქცევა.

ჩვენი ტიპის კომპანიების სახელი გახლავთ ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების კომპანია. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ეწევა, როგორც ნავთობის ძებნა-ძიებას, ასევე მოპოვების სამუშაოებს. როგორც წესი, ძებნა-ძიების ეტაპი არის ზარალიანი. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხდება ძალიან ინტენსიური ინვესტირება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება და მიაგნებთ ამ მარაგს და იწყებთ ათვისებას ამ მარაგისას, აი შემდეგ გადადის კომპანია უკვე მომგებიან ეტაპზე. 

ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ, რომ ამ უზარმაზარი კაპიტალდაბანდების შემდეგ, როგორც კი მივედით იმ ეტაპამდე, რომ დავადასტურეთ მარაგების სერტიფიცირების ძალიან დიდ და ცნობილ კომპანიასთან და ახლა გადავდივართ სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, მას შემდეგ დაიწყო რეალურად პრობლემები და იწყება ჩვენი საქმიანობის შევიწროება. 

არ მოგვეცა საშუალება ფართომასშტაბიანი სამუშაოები გაგვეშალა ისე, როგორც ვფიქრობდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ ბურღვის სამუშაოები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იყო იმ მასშტაბის, რომელიც გვინდოდა, რომ ჩაგვეტარებინა. ამის მიზეზი გახლდათ სწორედ ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები