„როიტერსი“ წერს, რომ ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტივ ნიკანდროსი ამერიკელ კონგრესმენებთან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებს.
კერძოდ, "როიტერსის" სტატიაში ნახსენებია კანონპროექტი, რომელიც დასჯის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის დასახელებულია რესპუბლიკელ ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც, სტატიის მიხედვით, აშშ-ს მთავრობას „აუკრძალავდა, აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა - ხელისუფლების, რომელსაც ხელმძღვანელობს პოპულისტური, კონსერვატიული „ქართული ოცნება“.
როგორც გამოცემა იტყობინება, რესპუბლიკელების დონორმა სტივ ნიკანდროსმა, 30 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ზოგიერთ წევრს წერილი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა მათ ამ ზომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციისათვის.
ნიკანდროსი წერილში, რომელიც „როიტერმა“ მოიპოვა, მოუწოდებს კანონმდებლებს, გადადგან შემდგომი ნაბიჯები ზომის საბოლოო მიღების წინააღმდეგ, მაშინ, როცა აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გასვლას ელოდება.
როგორც "როიტერსი" წერს, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მიერ კანონპროექტის ჩაშლის მცდელობებით. მისივე თქმით, როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ეცდება, მეტი გაიგოს ნიკანდროსის საქმიანობის შესახებ.
თავად ნიკანდროსს "როიტერის" კითხვისთვის არ უპასუხია.
ამასთან, "როიტერსის" თანახმად, წერილში ენერგეტიკული ფირმა TXN Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკანდროსი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად იქნა არჩეული და რომ ასეთმა ზომამ, შესაძლოა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე კიდევ უფრო მეტად გადაიყვანოს და აშშ-ის ბიზნეს ინტერესებს, მათ შორის მის ინტერესებსაც, ზიანი მიაყენოს. წერილში ასევე, ნახსენებია, რომ TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს.
„ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს და ინვესტიციებს დებენ საქართველოში, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია წერილში.
"როიტერსი" ასევე წერს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ მის მთავრობას აშშ-ში ლობისტური კავშირები არ აქვს.
„რაც შეეხება ბატონ სტივენ ნიკანდროსს - ის არის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი პირველი პიონერი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში კარგად ჩამოყალიბებული ამერიკული საწარმოები შემოიყვანა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.“, - განუცხადა ტალიაშვილმა "როიტერსს".




























