მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფრონტერას" ხელმძღვანელი "ოცნების" სასარგებლოდ აშშ-ში ლობირებას განაგრძობს და აცხადებს, რომ საქართველოში $100 მლნ-ის ინვესტიციას გეგმავს

ნიკანდროსი

"ფრონტერას“ ხელმძღვანელი სტივ ნიკანდროსი „ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებას განაგრძობს და მიიჩნევს, რომ MEGOBARI Act-ი და სანქციების დაწესების სხვა მცდელობები დააზიანებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში. ამის ამსახველი წერილი გამოცემა The Hill-მა მოიპოვა, რომელიც 19 იანვრით თარიღდება.

„ჰიუსტონში ბაზირებული იმ ენერგეტიკული კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, ამ თვეში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს და „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. The Hill-ი წყაროების დაცვის მიზნით არ აქვეყნებს კანონმდებლის ვინაობას“ , - წერს გამოცემა.

როგორც The Hill-ის სტატიაში წერია, ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია საქართველოში ახალი 100 მლნ დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროგრამას ამზადებს, რომელიც მომდევნო ორ წელიწადში უნდა განხორციელდეს, MEGOBARI Act-ი და სანქციების დაწესების სხვა მცდელობები დააზიანებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წერილი სტივ ნიკანდროსმა, გასული წლის 30 სექტემბერსაც გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ზოგიერთ წევრს და მადლობა გადაუხადა მათ ამ ზომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციისათვის. მაშინ აღნიშნული წერილი “როიტერსმა“ მოიპოვა, რომელშიც ნიკანდროსი მოუწოდებდა კანონმდებლებს, ჯო უილსონის ინიციატივის საბოლოო მიღების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ.

კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს “ოცნების” წინააღმდეგ. ამჟამად ის კონგრესშია გაჩერებული. “მიუხედავად ამისა, კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს შორის. ის წარმომადგენელთა პალატამ მარტში ფართო, ორპარტიული უპირატესობით მიიღო, თუმცა სენატში სენატორმა მარკუეინ მალინმა (რესპუბლიკელი, ოკლაჰომა) ხელი შეუშალა მის წინსვლას”, - წერს The Hill-ი.

ცნობისთვის, “ფრონტერა”, იგივე ენერგოკომპანია TXN Energy Holdings საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობდა. სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი 2020 წელს გაწყვიტა. კომპანიამ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან საარბიტრაჟო დავაც წააგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები