ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Frontier-ის აქციონერებმა Verizon-ის მიერ კომპანიის აქციების გამოსყიდვას მხარი დაუჭირეს. გამოდის, რომ Frontier-ი Verizon-ის საკუთრებაში გადავა, რისთვისაც ამერიკული სატელეკომუნიკაციო გიგანტი $9.6 მილიარდს გადაიხდის, რაც თითო აქციაზე $38.50-ის ტოლია.
გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად სექტემბერში დაანონსდა, ხოლო ტრაზაქციის ღირებულება ბოლო 90 დღის განმავლობაში ბირჟაზე დაფიქსირებულ საშუალო ფასთან შედარებით 44%-იან პრემიუმს წარმოადგენდა.
ამერიკული Verizon-ისთვის, Frontier-ის შესყიდვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც AT&T-ისთან და T-Mobile-თან კონკურენციას გაუმარტივებს. დღეს, Verizon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $173 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 83-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ გლობალურ სატელეკომუნიკაციო სექტორში Verizon-ი სიდიდით მესამე კომპანიაა, რომელსაც ღირებულებით მხოლოდ T-Mobile-ი და China Mobile-ი უსწრებენ.