ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე - ლოტი II (კმ21.5 - კმ25.5 მონაკვეთი) ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ამჟამად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. მეორე ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნული გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.
აღნიშნული პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20.4 მილიონ ლარს შეადგენს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას,"- ნათქვამია ინფრასტრუქტურის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 1960-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 10 ნოემბრამდე შეეძლებათ.




























