მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FTSE 100-ის განახლებული სია - საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში

BOG

2026 წლის 23 მარტიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსის - FTSE 100-ის შემადგენლობა განახლდება და მას საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული კომპანია Lion Finance PLC დაემატება, რომელიც “საქართველოს ბანკის” მფლობელი ჰოლდინგური კომპანიაა.

ინდექსის შემადგენლობიდან 23 მარტიდან გამოვა ორი კომპანია - Easyjet-ი და Hikma Pharmaceuticals-ი, ამ კომპანიების ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში პოზიციებს დაიკავებს ქართული Lion Finance PLC და ბრიტანული IG Group Holdings-ი.

აქამდე Lion Finance PLC პირველი ასუელის მიღმა, საფონდო ბირჟის FTSE 250 ინდექსში შედიოდა, რაც მოიცავს 250 უმსხვილეს კომპანიას პირველი ასეულის შემდეგ.

მთლიანობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4900-მდე კომპანიის აქციები ივაჭრება, საიდანაც უმსხვილესი კომპანიები FTSE 100-ის ინდექსში ერთიანდებიან. ამასთან, პირველი ასუელის ყოველკვარტალური გადახედვა ხდება კომპანიების აქციების ფასის და საბაზრო კაპიტალიზაციის ცვლილებიდან გამომდინარე.

ინდექსის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.4 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.

Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლა განაპირობა ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულების მნიშვნელოვანმა მატებამ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში აქციების ღირებულება 114%-ით გაიზარდა და 110 გირვანქა სტერლინგს მიაღწია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 5.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით Lion Finance Group-მა მიაღწია იმ პარამეტრებს, რომლითაც ის FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობის უკანასკნელი გადახედვის შედეგად, საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა.

არსებული მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი კომპანიაა AstraZeneca, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 229 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მეორე პოზიციაზეა HSBC 219 მილიარდით, მესამეზე SHELL-ი 176 მილიარდი გირვანქა სტერლინგით, პირველ ხუთეულშია UNILEVER-ი 110 მილიარდი გირვანქა სტერლინგით და ROLLS-ROYCE-ი 108 მილიარდით. ათეულში კი ასევე შედიან BRITISH AMERICAN TOBACCO 95 მილიარდით; RIO TINTO 85 მილიარდით; GSK 84 მილიარდით; BP 77 მილიარდით და NATIONAL GRID-ი 67 მილიარდი გირვანქა სტერლინგის საბაზრო კაპიტალიზაციით.

Lion Finance-ის განვლილი გზა ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ასეულისკენ

  • 1994 - საქართველოს ბანკი ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.
  • 1996 წელს, შემოიტანა ქვეყანაში პირველი პლასტიკური ბარათი Georgian Card.
  • 1998 წელს, საქართველოში პირველი ბანკომატი გაიხსნა
  • 2006 საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა, რაც პირველი საერთაშორისო განთავსება (IPO) იყო საქართველოდან, რასაც პირველი ევრობონდი და საერთაშორისო პარტნიორობები მოჰყვა.
  • 2012 საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშიც შევიდა 250 უმსხვილეს კომპანიას შორის.
  • 2022 საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის ციფრული მომხმარებლების რაოდენობამ თვის ჭრილში (Digital MAU) ერთ მილიონზე მეტ მომხმარებელს გადააჭარბა.
  • 2024 Lion Finance PLC-მ,
2024 წლის 29 მარტს წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და შეიძინა Ameriabank CJSC, რომელიც სომხეთის ბაზარზე ოპერირებს.
  • 2025 წლის 6 თებერვალს, AmeriaBank-ის შესყიდვის გარიგების დასრულების შემდეგ, Bank of Georgia Group PLC-იმ სახელი შეიცვალა და მას Lion Finance Group PLC ეწოდება.
  • 2026 Lion Finance PLC FTSE 100 ინდექსის შემადგენლობაშია, , პირველი ქართული კომპანია საქართველოდან 100 უმსხვილეს კომპანიას შორის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები