2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, “საქმიანი დილის” ეთერში გზავნილების დინამიკაზე ისაუბრა. ევა ბოჭორიშვილის თქმით, ფულადი გზავნილების დინამიკა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
“ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად, 18%-ით გაიზარდა ივნისში და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მოთხოვნას სტიმულს აძლევს. აპრილში 42%-იანი ვარდნა იყო, მაისში შენელდა -9%-მდე და ივნისში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, თითქმის 170 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა ქვეყანაში.
ზოგადად გზავნილების დინამიკას რომ გადავხედოთ, შარშან დაახლოებით 120-დან 170 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, აპრილში 100 მილიონს ჩამოსცდა და 80 მილიონი დოლარი იყო.
ევროკავშირიდან მნიშვნელოვნად არის ფულადი გზავნილები გაზრდილი იტალიიდან და საბერძნეთიდან. ასევე გვაქვს პოზიტიური ზრდა ისრაელიდან, როცა წინა ორ თვეში ორნიშნა კლება იყო. გზავნილების გადმორიცხვა რუსეთიდანაც კვლავ მინუსშია, მაგრამ -6%-ით შემცირდა, როცა ორნიშნა კლება იყო ხოლმე. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. როდესაც კრიზისი დაიწყო და ვაკეთებდით პროგნოზებს, უფრო მეტად ვპროგნოზირებდით ფულადი გზავნილების შემცირებას და ახლა ფაქტობრივად გვაქვს ზრდა. რაც შეეხება ივლისს, ამ თვეშიც გრძელდება ფულადი გზავნილების ზრდის დინამიკა. ივლისის სტატისტიკით გზავნილების ზრდის ტემპი პოზიტიურია", – ამბობს ევა ბოჭორიშვილი.