ყაზახეთის წამყვანი ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ თუ პროდუქტი მომხმარებლის ცხოვრებას არ აუმჯობესებს, კომპანია მას ხურავს. მან ერთ-ერთ ასეთ მაგალითად საკრედიტო ბარათი დაასახელა, რომელსაც Kaspi-სთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა, თუმცა მომხმარებლების ნეგატიური უკუკავშირის გამო, კომპანიამ გააუქმა.
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა Couchonomics with Arjun-ის პოდკასტში განაცხადა, რომ კომპანიისთვის მთავარი მისია მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებაა. მისი თქმით, მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზომად კომპანია Net Promoter Score (NPS)-ს იყენებს, რომელიც ლოიალობის ერთგვარი საზომია. მისი თქმით, მომხმარებლების უკუკავშირს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ყოველთვიურად მინიმუმ 300 000 მომხმარებელს ვეკონტაქტებით. კითხვა მარტივია: მოგწონთ სერვისი?, როგორ შეაფასებდით?, თუ არ მოგწონთ, რატომ? თუ არ მოგწონთ, ჩვენგან იღებთ ზარს და ვცდილობთ გავარკვიოთ, რამ გამოიწვია უკმაყოფილება. ეს კომუნიკაცია იწერება და შემდეგ პროდუქტის გუნდები უსმენენ, ზოგჯერ თავად კომუნიკაციაშიც მონაწილეობენ და შემდეგ მუშაობენ იდეებზე.
როდესაც მომხმარებელთან მუდმივ კავშირში ხარ, ეს დიდი კონკურენტული უპირატესობაა კომპანიისთვის. მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს უბრალოდ მოდური სახელი, როგორიცაა სუპერ აპი. მათ სურთ კონკრეტული სერვისი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა. ასე გავხდით წარმატებულები და გვაქვს მუდმივი ინოვაცია.
თუ ჩვენს პროდუქტს ცუდი NPS აქვს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ მას დავხურავთ. საკრედიტო ბარათის პროდუქტი დავხურეთ. მაშინ ჩვენი მოგების მესამედს წერდა და ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეები ვიყავით, მაგრამ უარყოფითი NPS ჰქონდა. ამით ჩვენ „ცუდ ფულს“ გამოვიმუშავებდით, ასე ვუწოდებდით, ამიტომ არ გვინდოდა ასეთი შემოსავალი, რადგან ფული ჩვენი საქმიანობის შედეგი უნდა იყოს და არა მიზანი”,- ამბობს მიხეილ ლომთაძე.
მისივე თქმით, ყაზახეთის 20 მლნ მაცხოვრებლიდან 15 მლნ Kaspi-ის მომხმარებელია. კომპანიას 9 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. მისი აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ამ დროისთვის საბაზრო კაპიტალიზაცია 24.52 მილიარდი დოლარია.
მიხეილ ლომთაძე მეორე ქართველია, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში მოხვდა. მისი ქონება 6.63 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 447-ე ადგილზეა. Forbes-ის რეიტინგში კი მიხეილ ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.