მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფული ცოდნის გარეშე, წყალში გადაყრილი რესურსია - ბექა გონაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

ფერმა

ფერმერი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის გაზრდისთვის აუცილებელია, დაფინანსების გაცემა პირდაპირ კავშირში იყოს ფერმერის კომპეტენციასთან.

როგორც ფერმერი BMG-სთან აღნიშნავს, მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა დარგის გადასარჩენად საკმარისი არ არის და ქართული აგროსექტორის მთავარი დაბრკოლება არა ფინანსების, არამედ ცოდნის ნაკლებობაა. ის სახელმწიფოს მოუწოდებს, დაფინანსება ცოდნის დადასტურებას მიაბას.

მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში რძის ისეთი მაღალი ფასი ფიქსირდება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ არის, თუმცა, ადგილობრივი ფერმები მაინც არარენტაბელურია და იხურება. მიზეზი არასწორი დაგეგმარება და ტექნოლოგიური ცოდნის არქონაა.

„ფული ცოდნის გარეშე წყალში გადაყრილი რესურსია. ფერმერების უმეტესობამ არ იცის დაგეგმარება, ვერ ზრდიან მოზარდ საქონელს და ყოველწლიურად მილიონობით ლარი გადის ქვეყნიდან სანაშენე პირუტყვის იმპორტზე. ჩვენ გვაქვს მაღალი რძის ფასი, მაგრამ ფერმები მაინც იხურება, რადგან მენეჯმენტი და ტექნოლოგიური ცოდნა დაბალია,“ - ამბობს ფერმერი.

მისივე აზრით, სახელმწიფო აგროპროექტების დაფინანსებისას უნდა დაინტერესდეს, ვინ მართავს ფერმას და აქვს თუ არა მას შესაბამისი კვალიფიკაცია.

„პირველ რიგში, აუცილებელია ცოდნის, გამოცდილების კომპონენტის შემოტანა - თუნდაც კითხვა დავსვათ - ვინ მუშაობს შენთან ფერმაში, ან ვინ იქნება მენეჯერი? შენ თუ ხარ, რაღაცით დაადასტურე შესაბამისი ცოდნა - სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტით. არსებობს თუნდაც, შვეიცარიული სკოლა დმანისში, წავიდეს, წელიწადი ან რამდენიმე თვე იაროს, რომ მიხვდეს - რა არის გასაკეთებელი და ფაქტის წინაშე არ დადგეს - რომელსაც შემდეგ უკვე ფინანსურად, ძალიან ფატალური შედეგი მოჰყვება-ხოლმე. ანუ, შეცდომებზე სწავლა უწევთ და როცა სესხით ან რაიმე მსგავსი რესურსით სარგებლობენ, ეს შეცდომები ძალიან ძვირი უჯდებათ“, - ამბობს ბექა გონაშვილი BMG-სთან.

ვნობისთვის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს, ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს. განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები