აგროთანადაფინანსების განახლებული სახელმწიფო პროგრამით წარდგენილი 108 განაცხადიდან მხოლოდ 25 დაკმაყოფილდა, 74-ს უარი ეთქვა, 9 კი განხილვის ეტაპზეა. პროგრამის ახალი მოდელი, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსების მიღებამდე პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, აგროსექტორში არაერთგვაროვნად ფასდება.
დარგის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის რისკს ამცირებს, თუმცა ფერმერებს ფინანსებზე წვდომას ურთულებს და მცირე საოჯახო მეურნეობებს მხარდაჭერის მიღმა ტოვებს.
როგორც ფერმერმა და „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, განაცხადების ნაწილის უარყოფა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სახელმწიფო თანხა მხოლოდ იმ პროექტებს უნდა მოხმარდეს, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მისი შეფასებით, პროექტის დასრულების შემდეგ თანადაფინანსების გაცემა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმია.
„მეორე მხარეს შევხედოთ, რომ ეს არის ჩემი და თქვენი ფული, რომელსაც სახელმწიფო მერე ვიღაცას აძლევს... ეს შესაბამისად გამორიცხავს ფლანგვას და იმას, რომ იქ რაღაცა დარღვევა მოხდა ან ვიღაცამ ფული შეჭამა..“ - ამბობს გონაშვილი „საქმის კურსთან“.
ამასთან, ფერმერი ყურადღებას ამახვილებს საბანკო დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და საბრუნავი კაპიტალის პრობლემაზე. მისი თქმით, ფერმერების უმრავლესობას პროექტის დასაწყებად საჭირო თავისუფალი ფინანსური რესურსი არ აქვს და საქმიანობის დასაწყებად საბანკო სესხის აღება უწევს. ახალი მოდელის პირობებში კი, როდესაც სახელმწიფო თანხას მხოლოდ პროექტის განხორციელების შემდეგ გასცემს, ფერმერს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება სჭირდება.
„მე არ ვიცი ფერმერი, რომელსაც იმდენი თავისუფალი კაპიტალი აქვს, რომ მუთაქაში ინახავდეს. დღეს ფერმერს ძირითადად, მაინც ბანკებთან ურთიერთობა სჭირდება. პროგრამა მხოლოდ პროექტის განხორციელების მერე გაძლევს გრანტს, ეს პირობა კი ბანკების მიერ სესხების გაცემასაც ართულებს“ - განმარტავს გონაშვილი.
განახლებული პროგრამის პირობებს სახელმწიფო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით გამართულად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხანიშვილიც, თუმცა მისი შეფასებით, გამკაცრებულმა მოთხოვნებმა განაცხადების რაოდენობა შეამცირა და ფერმერებს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.
ხანიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რესურსების დაცვასთან ერთად, პროგრამამ ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც უნდა უზრუნველყოს. მისი თქმით, პროექტის წინასწარი დაფინანსების გარეშე განხორციელების ვალდებულება ბიზნესს დამატებითი ფინანსური ტვირთის წინაშე აყენებს, ბანკები კი სესხის გაცემისას უფრო მეტ უზრუნველყოფას ითხოვენ.
„სახელმწიფო ინტერესის დაცვა უპირველესია, მაგრამ მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენ იმიტომ, რომ ფერმერს დღეს არა აქვს თავისუფალი რესურსი, ნაკლები შესაძლებლობა აქვს. დღევანდელი ვერსია პროგრამის, ფერმერს ურთულებს ფულის აღების შესაძლებლობას, ბანკებს აიძულებს უფრო მეტი ქონება და უფრო მეტი შესაძლებლობა მოითხოვონ ბიზნესისგან“ - აცხადებს ხანიშვილი.
მისი კრიტიკა ასევე ეხება პროგრამის დაფინანსების ლიმიტებს. ხანიშვილის შეფასებით, 2-მილიონიანი ზღვარი, ისევე როგორც უფრო მაღალი ლიმიტის დაწესება, შესაძლოა აგრობიზნესის გაფართოებასა და წარმოების მასშტაბების ზრდას აფერხებდეს.
გამოსავალს ის შერეული მოდელის დანერგვაში ხედავს, რომელიც პროექტის სახელმწიფოსთან წინასწარ შეთანხმებასთან ერთად, დაფინანსების ეტაპობრივ გაცემასაც გაითვალისწინებს.
„პროგრამების შეზღუდვა 2 მილიონით, თუნდაც 10 მილიონით, ხელს უშლის ბიზნესის გამსხვილებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, როგორც ბიზნეს პროდუქტი... შესაძლებელია მოხდეს შერეული მოდელი: რომელიც ითვალისწინებს წინასწარ სახელმწიფოსთან შეთანხმებას, მაგრამ ასევე ითვალისწინებს ეტაპობრივ დაფინანსებას, დაახლოებით იმ სქემას, რომელიც არსებობდა პროგრამის შეცვლამდე“.
ხანიშვილის შეფასებით, თანამედროვე, საექსპორტო და ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მეურნეობების გამსხვილება აუცილებელია. მისი თქმით, მცირე და დანაწევრებულ მეურნეობებს უჭირთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან, მათთვის მაღალია ბაზარზე შესვლისა და პროდუქციის ბრენდინგის ხარჯებიც.
„ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ გამსხვილება სოფლის მეურნეობის. არ შეიძლება. ნებისმიერი ანალიტიკური კვლევა გვეუბნება, რომ საჭიროა გამსხვილდეს მეურნეობები. იმიტომ, რომ დანაწევრებული ნახევარჰექტრიანი, ერთჰექტრიანი და ჰექტარნახევრიანი მეურნეობები ვერ შექმნიან იმ პროდუქტს და თუ შექმნიან, ისინი ბაზარზე ვერ გადიან — იმდენად დიდია ხარჯები ბაზარზე გასვლის, ბრენდირების ხარჯები და ასე შემდეგ“ - აცხადებს ხანიშვილი.
განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილს. მისი შეფასებით, განახლებული პროგრამა ძირითადად მსხვილ და ინტენსიურ აგრობიზნესებზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც საქართველოში ფერმერული მეურნეობების უმრავლესობა მცირე ზომისაა.
კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ქართველი ფერმერის საშუალო მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს, რის გამოც პროგრამის არსებული პირობები საოჯახო და ექსტენსიური ტიპის მეურნეობებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. მისი აზრით, მსხვილი აგრობიზნესების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფომ საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობებისთვის ცალკე პროგრამაც უნდა შეიმუშაოს.
„ჩვეულებრივ რეგულარულ ფერმერს, მაგალითად, თუშეთში მეცხვარეს, აღარ შეუძლია არანაირი პროგრამით სარგებლობა... დიდი აგრობიზნესებიც უნდა განვითარდეს, მაგრამ საქართველოს რეალობიდან, მოწყობიდან და რეგიონული განსხვავებებიდან გამომდინარე, საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობებისთვის უნდა გაკეთდეს ცალკე პროგრამა, რომელიც ამ ხალხს დაეხმარება, რომ რაღაცნაირად ფეხი აუწყონ იმ განვითარებას, რაც არსებობს. თორემ ვხედავთ, რომ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ქართული პროდუქცია ქრება დახლებიდან. ამ დროს ვიძახით, რომ აგრარული ქვეყანა ვართ..“ - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.
ცნობისთვის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა განახლებული პირობებით 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. ახალი მოდელი სახელმწიფო თანადაფინანსების ერთიან ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და ამავდროულად, ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ისაა, რომ ბენეფიციარი პროექტს ჯერ საკუთარი ან მოზიდული სახსრებით ახორციელებს, სახელმწიფო თანადაფინანსებას კი შესრულების შემდეგ იღებს.
























