ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად გლობალურ საფინანსო ბაზარზე ფულის ღირებულება არის უფრო მაღალი, ვიდრე 2021 წელს იყო, თუმცა ამის მიუხედავად მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი 2026 წელს $500-მილიონიანი ობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებული მოლოდინით, ამ ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთის სხვაობა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციასთან შედარებით იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ობლიგაციის დროს იყო.
"დღეს ფულის ღირებულება არის უფრო მაღალი ვიდრე 2021 წელს იყო. ჩვენ უნდა შევხედოთ არა კონკრეტული ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთს, არამედ ამ კუპონის განაკვეთსა და აშშ-ის 5-წლიანი ობლიგაციის განაკვეთთან სხვაობას. ეს სხვაობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე 2021 წელს იყო,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას.
საკითხი ფულის ღირებულებას უკავშირდება, საქმე ისაა, რომ საქართველო ამ ფასიან ქაღალდს აშშ დოლარში უშვებს, ხოლო აშშ დოლარის განაკვეთებს FED-ი განსაზღვრავს და ამჟამად ეს განაკვეთი არის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, ვიდრე 2021 წელს იყო. 2021 წლის აპრილში აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 0.75% იყო. შესაბამისად, აშშ სახაზინო ობლიგაციასა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციას შორის საპროცენტო სხვაობა - ანუ სპრედი 2%-ს შეადგენდა (საქართველოს განაკვეთი 2.75%). ამჟამად აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი არის 3.66%. შესაბამისად, ესაა ფულის ღირებულება, რაზე უფრო დაბალი განაკვეთის მიღებაც საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციაზე შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ სპრედი, ანუ სხვაობა აშშ სახაზინო ობლიგაციასთან 2026 წლის ევრობონდზე შემცირდება და ის 2021 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდის 2%-იან სპრედზე უფრო ნაკლები იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ 2026 წლის სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 5.66%-ზე უფრო მცირე იქნება.




























