მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა განახლდება - რაზე შეთანხმდა მთავრობა IMF-თან?

ნავთობის და გაზის კორპორაცია

მთავრობა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით სამოქმედო გეგმის განახლებას გეგმავს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე BMG-სთან აცხადებს, რეფორმის ახალი ეტაპი ფინანსური ზედამხედველობის ინსტრუმენტის სახელმწიფო კომპანიების უფრო ფართო სეგმენტზე გავრცელებას მოიცავს.

კერძოდ, თუკი დღეს ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობა 7 საწარმოზე ვრცელდება, ეს მანდატი გაფართოვდება და დაახლოებით 30-მდე სახელმწიფო კომპანიას მოიცავს.

გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. რეფორმის შემდეგი ეტაპი კი საწარმოებში ე.წ. კვაზი ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირებას და მათ ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს.

კერძოდ, საწარმოებში ისეთი აქტივობების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, როგორიცაა კომპანიების მიერ სოციალური, პოლიტიკური ან სხვა არაკომერციული მიზნების დაფინანსება, რაც იწვევს საწარმოს შემოსავლების ან წმინდა მოგების შემცირებას.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა განვაახლოთ, რაც უკვე პრინციპში შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ძირითადი მიმართულება აქ იქნება უფრო მეტი საწარმოს მოცვა, თუ აქამდე იყო სულ შვიდი საწარმო, რომელზეც [ფინანსთა სამინისტროს] ფინანსური ზედამხედველობა ხორციელდებოდა, ახლა უკვე ვგეგმავთ, რომ სრულად მოვიცვათ ყველა კორპორაცია. არა მხოლოდ კორპორაციები, არამედ ისეთი საწარმოებიც, რომელიც დღესდღეობით არ არის კორპორაცია, თუმცა აქვს პოტენციალი, რომ კორპორაციად გადავიდეს. დაახლოებით 30-მდე მსხვილი საწარმო, რომელთაც ბრუნვებიც მაღალი აქვთ, ვფიქრობთ, რომ მოვიცავთ ფინანსური ზედამხედველობის ქვეშ. ეს საკმაოდ კარგი იქნება იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ საწარმოში რა მდგომარეობაა, მათი ბიუჯეტების დაგეგმვა უფრო სწორად მოხდეს.

ამის შემდგომი ნაბიჯი იქნება კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება და მათი ეტაპობრივი ან შემცირება, ან რაც აუცილებელი იქნება მათი ბიუჯეტიდან დაფინანსება და მეტი გამჭვირვალობა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საწარმოები ჯანსაღი სტრუქტურით და ეკონომიკური პროფილის შესაბამისად მოქმედებდნენ”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდს სახელმწიფო საწარმოების ფლობის ნაწილზე შენიშვნები აღარ აქვს.

“საწარმოების ფლობის ნაწილზე [სავალუტო ფონდს] შენიშვნები არ აქვს. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ფონდის მისიასთან და შევთანხმდით, რომ ფინანსური ზედამხედველობა არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ყველანაირ ფისკალურ რისკს აზღვევს. შესაბამისად, უკვე ფლობა ვისი [რომელი სამინისტროსი] იქნება აქციონერის ფუნქციით, მეტწილად ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაგრძელებთ სამ საწარმოში იგივე პრაქტიკით, სხვა საწარმოებში კი იქნება ის, რაც არის დღეს 100%-იანი ფლობის ნაწილი, ვისაც აქვს აქციონერის ფუნქცია. საბოლოოდ თუ შევჯერდებით და ვნახავთ, რომელი ვარიანტი უფრო უკეთესია უშუალოდ საწარმოსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის, ის მოდელი იქნება საბოლოო ჯამში”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები