მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ფუნქციონირებას აზრი აღარ აქვს“ - ცხვარიჭამიაში ტურისტული ობიექტი დახურვის საფრთხის წინაშეა

დათვიანი რანჩო

ცხვარიჭამიაში მდებარე ტურისტული ობიექტის „დათვიანი რანჩო“ დამფუძნებელი ივანე მინდორაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე ვითარებაში ობიექტის ფუნქციონირებას აზრი პრაქტიკულად აღარ აქვს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლის ზაფხულის შემდეგ ობიექტის დატვირთვის მიმართულებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა : “2025 წლის ბოლო ზაფხულის შემდეგ სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა და არა მარტო ჩემთან, ზოგადად ტურიზმი ჩავარდა ქვეყანაში“, - აღნიშნავს მინდორაშვილი. მიუხედავად ამისა, კომპანიამ განვითარება მაინც განაგრძო: გაფართოვდა კოტეჯები, დაემატა აუზი, მოსასვენებელი სივრცეები და „ტყის სამზარეულო“, სადაც სტუმრებს კერძების მომზადება თავად შეუძლიათ. აღნიშნული განახლებებისთვის, მისი თქმით, დაახლოებით 60 000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, მისი თქმით, 2026 წელი განსაკუთრებით რთულად დაიწყო: „ტურიზმი ამ ეტაპზე ფაქტობრივად "ჩამკვდარია" - უცხოელი ტურისტები თითქმის არ შემოდიან და იგივე მდგომარეობაა ჩვენს კონკურენტებთანაც. ბაზარი პრაქტიკულად გაჩერებულია. ამ ეტაპზე ფუნქციონირებას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ფასებს ყველა ოპერატორი ამცირებს, მაგრამ არც უცხოელი ტურისტია ქვეყანაში და არც ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მომსახურებით, ვინაიდან ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, თუმცა ხელფასები უცვლელი რჩება. ფასებს ჩვენც ვამცირებთ, თუმცა მომხმარებელი მაინც არ არის“, - აღნიშნავს ის.

მისივე ინფორმაციით, თუ გასულ წელს ერთ კოტეჯზე დატვირთვა საშუალოდ 50-60% იყო, მიმდინარე წელს, მარტში კოტეჯი მხოლოდ ორჯერ გაქირავდა. „ფაქტობრივად ნულოვანი დატვირთვაა - ორი გაქირავება ვერ ფარავს ხარჯებს. რეალურად ბიზნესი გაჩერებულია“, - ამბობს მინდორაშვილი.

დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ თუ ქვეყანაში ტურიზმის მხარდაჭერის მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელდება, სექტორის განვითარების პერსპექტივა არ ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები