მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ" - "რესპუბლიკურის" დირექტორი

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე მესხი ამბობს, რომ კლინიკა ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკას ჯამურად 600 თანამშრომელი ჰყავს, საიდანაც 150-მდე ახალია.

“ჩვენ უკვე მივიღეთ ნებართვები იმ საქმიანობაში, რომელიც შეჩერებული იყო. უახლოეს დღეებში აღდგება სრულად იმ მასშტაბებით, რა მასშტაბითაც ფუნქციონირებდა კლინიკა. კადრების დაკომპლექტების პროცესი ძირითადად დასრულებულია, თუმცა არის ექთნების ნაწილი, რომელიც რჩება ასაყვანი. ამ პროცესსაც დავასრულებთ. ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ”,- თქვა კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება აკრედიტაციას, ალექსანდრე მესხის თანახმად, პროცესი დაწყებულია.

“ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს სამუშაოები და ვფიქრობ, ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება”,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა.

თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება გაუქმდა და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები