მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფურშეტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა” - ლევან მდინარაძე

62b820284a71d
თათია კაკიაშვილი
27.06.22 09:40
684
“ღონისძიებების ორგანიზების მხრივ, მოთხოვნა ყველა მიმართულებით გაიზარდა, განსაკუთრებით ფურშეტზე”, - ამის შესახებ BMG-ის კომპანია “რემბოს” ივენთ მენეჯერმა ლევან მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ქეითერინგ ინდუსტრიას რეგულაციების მოხსნა წელს, აპრილის ბოლოდან ყველაზე მეტად დაეტყო. თუმცა პანდემიის გავლენა ფურშეტ კომპანიებში დღემდე შეიმჩნევა.

“მოთხოვნა ყველა მიმართულებით გაიზარდა, განსაკუთრებით ფურშეტზე. როცა მომხმარებელი ფურშეტს უკვეთავს, ჩვენ ინვენტარს და დეკორაციებსაც ვაქირავებთ, ჩვენი მომსახურება მოიცავს გახმოვანება-განათებას და ბევრ სხვა თანმდევ დეტალს. წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მაის-ივნისში დადასტურებული მოთხოვნა გაცილებით მეტია. კოვიდამდე ამ პერიოდში ასეთი აქტივობა არ იყო; ამ მხრივ, ხალხი, ძირითადად, ივლისიდან აქტიურდებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, გასულ წელს ფურშეტებზე მოთხოვნა მაინც იყო იმიტომ, რომ ადამიანები 30-40 კაცზე სახლებში ჩუმად მაინც აწყობდნენ ღონისძიებებს”, - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

მთავარი გამოწვევა, რაც ახლა ქეითერინგ კომპანიების დიდ ნაწილს უდგას, ე.წ. “ცრუ” შეკვეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი კომპანიას იდეის, გაფორმების, საკვების, მუსიკის და სხვა საორგანიზაციო ხარჯებს ათვლევინებს, ხოლო საბოლოოდ - ღონისძიებას აღარ უკვეთავს.

“ჩვენი დამკვეთების ძირითადი ნაწილი - 70-80% - კომპანიებია, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობა აქვს დაგეგმილი, მაგალითად, ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს ვერ ხერხდებოდა. ხშირია კორპორატიული წვეულებების და გასვლითი ღონისძიებების რიცხვიც, ასევე ე.წ. Team Building-ებიც. დარჩენილი 20-30% კერძო მომხმარებელზე ნაწილდება, ქორწილების, ნათლობების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.

ხშირია შემთხვევები, როცა დიდი კომპანიები გვიგზავნიან მოთხოვნას, იგებენ დეტალებს და ჩვენი იდეების ხარჯზე თვითონ იწყებენ ღონისძიების ორგანიზებას, რაც ჩვენი ინდუსტრიისთვის ე.წ. ცრუ დაკვეთაა. ასევე არიან კომპანიები, რომლებიც შეკვეთას გვაძლევენ, დროს და რესურსს გვაკარგვინებენ და მერე საერთოდ აღარ აკეთებენ ღონისძიებას,” - განაცხადა მდინარაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები