"საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გვყავს რამდენიმე იაპონური კომპანია და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მასში მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას ისახავდა.
ფორუმის მსვლელობისას საუბარი შეეხო მდგრად ბიზნეს გარემოს და მის მნიშვნელობას, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მონაწილე მხარეებმა რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევები და შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.
„იაპონია არის მესამე ეკონომიკა მსოფლიოში და რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ბიზნეს საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ახალი ბიზნეს კავშირებისა და თანამშრომლობისთვის, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.




























