საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, დღეს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების თანამონაწილეობით საგანგებო ზარი განხორციელდება, რომლის მიზანიც უკრაინისთვის გადაუდებელი ენერგეტიკული დახმარების მობილიზება იქნება.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებაში, თუმცა ოფიციალური პარიზი იმედოვნებს, რომ რუსული იერიშების მიერ სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისში მოქცეული მოკავშირე ქვეყნისთვის დახმარების გაწევა მოხერხდება. თავის მხრივ, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა უკვე დააანონსა, რომ უკრაინას დამატებით 13 მეგავატ ელექტროენერგიას, ასევე მსხვილი ზომის 100 გენერატორს გადასცემენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შეძლონ.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში რუსული დარტყმების შედეგად უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროენერგიის ობიექტები კრიტიკულად დაზიანდა. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. ოფიციალურ კიევში აღნიშნავენ, რომ სპეციალისტები შეუჩერებლად მუშაობენ, რათა ვითარების გამოსწორება და დედაქალაქისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების აღდგენა დააჩქარონ.




























