ხორბლის მწარმოებლები და გადამმუშავებლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ამის შესახებ “საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირაში” ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ 10 ნოემბერს იწურება მთავრობის მიერ 10 ივნისიდან ფქვილის იმპორტზე ამოქმედებული გადასახადი, რომელიც ხელისუფლებამ დარგის წარმომადგენელთა მოთხოვნით შემოიღო. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ წისქვილკომბინატების მუშაობა იმაზე იქნება დამოკიდებული გაახანგრძლივებს თუ არა გადასახადის მოქმედების ვადას მთავრობაში.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, მეხორბლე ფერმერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთი კილოგრამი ხორბლის გასაყიდი ფასი 40 თეთრია, მაშინ როცა მოყვანა 70 თეთრამდე დაუჯდათ. ფერმერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
“2 დღის წინ დედოფლისწყაროში ფერმერების მიერ აქცია გაიმართა, ისინი ამბობდნენ, რომ ვერ ახერხებენ ხორბლის იმ ფასად გაყიდვას, რომელიც მათ თვითღირებულებაში უზით. ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან გავმართოთ კომუნიკაციები და კონსულტაციები და მივიღოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები, რადგან აუცილებელია წისქვილებმა იმუშაოს, აუცილებელია ფქვილის იმპორტი და აუცილებელია ადგილობრივ ფერმერებს ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან, თუ როგორი მიმართულებით წავიდეთ, გაგრძელდება ის გადაწყვეტილება [ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი], რომელსაც 10 ნოემბერს გასდის ვადა, თუ გარკვეულწილად ეს გადაწყვეტილება მოქმედებას შეწყვეტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი მოქმედებები, როგორც ხორბლის ბაზარზე იმპორტის მიმართულებით, ისე ხორბლის ბაზარზე ადგილობრივი ფერმერების მიმართულებით”, - დასძინა მან.
10 ივნისს ამოქმედებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ლევან სილაგავა განმარტავს, რომ საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს 70 თეთრად, თუმცა ფასის კლებიდან გამომდინარე ხორბლის ფასი დავარდა.
“ვიცით, რომ ფერმერებს შარშანდელი ხორბალი ჰქონდათ დარჩენილი და მთავრობის მიმართ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ, წისქვილკომბინატებმა ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩაგვებარებინა ხორბალი იმ ფასად, რომელიც მისაღები იქნებოდა ფერმერებისთვის. ჩაბარება ივნისიდან დაიწყო, როდესაც ხარისხის შესაბამისად, 70 თეთრად მივიღეთ 1კგ ხორბალი, თუმცა ფასის კლებიდან გამომდინარე ძველი ხორბლის ფასი დავარდა. ხარისხის მხრივ პრობლემა შეიქმნა კახეთის მხარეს, ვინაიდან წვიმები იყო, შიდა და ქვემო ქართლში ხარისხის მაჩვენებელი განსხვავებული იყო, შესაბამისად ამ რაიონებიდან დღესაც ვიღებთ ხორბალს ხარისხის მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ წისქვილკომბინატებისთვის მნიშვნელოვანია ხორბლის ხარისხი, სხვა შემთხვევაში ის ხორბალს ვერ გადაამუშავებს”, - ამბობს ის.
ცნობისთვის: ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ