“საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში” პურის გაძვირებას არ პროგნოზირებენ. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირაში” ისაუბრა.
სილაგავა განმარტავს, რომ ხორბლის და ფქვილის მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში საქონლის რეალიზების ტემპი შენელებულია, რის გამოც ფასი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირდებოდა კიდეც.
“გადაწყვეტილების მიხედვით, რომელმაც 10 ივნისს დაიწყო მოქმედება, პურის ფასი უნდა შენარჩუნებულიყო, ამ მიმართულებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის ფასის გაზრდის ტენდენცია დღეს ბაზარზე არ არსებობს. ფასი სტაბილურია და ის დაღმავალიც იყო, რადგან შარშანდელ და წლევანდელ მოსავალს რუსეთი ისეთი აქტივობით ვერ ყიდის, როგორც ყიდდა, სწორედ ამიტომ, ჩვენი მიმართულებით მეტი ხორბლის რაოდენობაა დარჩენილი, რითაც დაღმავალ ფასს ვიღებთ. ამ ეტაპზე, საქართველოს ბაზარზე პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არსებობს”, - დასძინა მან.
აღმასრულებელმა დირექტორმა საერთაშორისო ხორბლის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვითარება დაძაბულია.
“რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკვე მეორე წელია ხორბლის ბაზარზე მდგომარეობა დაძაბულია, ვინაიდან ორივე ქვეყანა წამყვანია ამ ბაზარზე. უახლოეს მომავალში გაეროში იმართება შეხვედრა და შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ ე.წ. “ხორბლის დერეფანთან” დაკავშირებით. მისი მოქმედება რუსეთის გამო დროებით გაჩერებულია, რადგან რუსეთმა შეთანხმება დატოვა. ამან შავ ზღვაზე ხორბლის მოძრაობას ძალიან დიდი დაღი დაასვა”, - თქვა მან.