ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს კიდევ 1 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანებით, სუბსიდირების ვადა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ყაზახეთის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამას დადებითი ეფექტი ექნება საქართველოზეც, როგორც ეს შარშან იყო.
სილაგავა საუბრობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებზეც და ამბობს, რომ ჯერჯერობით ყაზახები ხორბლის ექსპორტს არ ჩქარობენ, რადგან გასულ წელს ასაღები სუბსიდიის თანხები არ მიუღიათ. სილაგავა იმედოვნებს, რომ პროცესები ერთ თვეში უფრო ნათელი იქნება.
“იყო მოლოდინი, რომ ყაზახეთი შეწყვეტდა სუბსიდირებას, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ეს სუბსიდირება მაღალი მოსავლის გამო. ახლა დაიწყო ყაზახეთში ხორბლის აღება, გამოიკვეთა ტენდენციები ისეთი, რომ ყაზახეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა ერთი წლით სუბსიდირება ტრანსპორტირებაზე, რაც რეალურად ჩვენზეც აისახება.
ვიცით, რომ სუბსიდირებამ, რომელიც გამოაცხადა ყაზახეთის მთავრობამ წინა წელს, იმუშავა და ჩვენთანაც შემოვიდა ყაზახური ხორბალი და კონკურენციაში შევიდა რუსულთან, რაც კარგი იყო ფასების მხრივ. თუმცა ახლა მოდის სიგნალები უკვე ახალი სუბსიდირების მხრივ, რომ გარკვეული პაუზა არის აღებული ყაზახი ექსპორტიორების მიერ, აქედან გამომდინარე,მათ ნაწილს სუბსიდირების თანხა ჯერჯერობით აღებული არა აქვს. მექანიზმი ასეთია, როდესაც ექსპორტიორი გაიტანს რომელიმე ქვეყანაში ხორბალს, შემდეგ მას ბიუჯეტიდან, ყაზახეთის ბიუჯეტიდან აძლევდნენ სუბსიდირების ნაწილს.
დაახლოებით ერთ თვეში შევხედავთ რა ტენდენციები განვითარდება. ცალსახაა, რომ როდესაც ორი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის ხორბალი, ეს რა თქმა უნდა კარგია კონკურენციისთვის და ფასისთვის,”-ამბობს"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.
საქართველოში ხორბლის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. იანვარ-ივლისში ჩრდილოეთიდან 39 მილიონ 218 ათასი დოლარის ღირებულების 147 105 ტონა რუსული ხორბალი შევიძნეთ, რაც გასული წლის იმპორტს 7 მლნ დოლარით აღემატება. მიმდინარე წელს გააქტიურდა ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდანაც, რაც დიდწილად ყაზახეთის მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტის სუბსიდირების დამსახურება იყო.




























