საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, რომ 6 ივნისიდან გაბარიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საკითხის გააქტიურებას გეგმავენ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საწარმოო ციკლის მთლიანად გადაწყობას გამოიწვევს.
„ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, რომელიც უკვე ხვალიდან გვსურს გავააქტიუროთ, არის დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შედის 1 სექტემბრიდან, ეს ეხება გაბარიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, არ არსებობს კომპანია, რომლისთვისაც ეს პრობლემად არ დადგეს და საბოლოოდ, ჩვენდა სამწუხაროდ მიუხედავად ადგილობრივი მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიების სურვილისა, თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, გარკვეული პროდუქცია საერთოდ ვერ მოხვდება თაროზე დილის საათებში, ეს იქნება პური, რძის ნაწარმი თუ სხვა.
წარმოებებს საწარმოო ციკლის მთლიანად გადაწყობა მოუწევთ და რა თქმა უნდა ფასი, რომელიც ძალიან მტკივნეულია ყველა ჩვენგანისთვის,“- აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.