მიმდინარე წელს, ინტერიერის გადაწყვეტილებების ჰოლდინგ კომპანია Gabuild Group საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ანდრო გაბაიძემ, ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდა ბოლო წლებში პირდაპირ აისახა კომპანიის საქმიანობაზე და მიმდინარე წელს, Gabuild Group გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას ელოდება, როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მიმართულებებში : "უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება ჩვენს ბიზნესზეც აისახება, ამიტომ 2026-ში გაყიდვების ზრდის მოლოდინი გვაქვს", – აღნიშნა ანდრო გაბაიძემ.
კომპანიის მთავარი პროექტი მიმდინარე წელს საკუთარი საწარმოს ამოქმედებაა, რისთვისაც 2025 წელს დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმო Gabuild Group-ს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გააკონტროლოს პროდუქციის ფასი და მნიშვნელოვნად შეამციროს მიწოდების ვადები.
„აქამდე ერთ-ერთი გამოწვევა იყო შედარებით გრძელვადიანი მიწოდება, რაც იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. ადგილობრივი წარმოება ამ პრობლემას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და ლოგისტიკური პროცესებიც გაცილებით სწრაფი გახდება“, – განმარტავს კომპანიის ფინანსური დირექტორი.
მისი თქმით, საწარმოს ამოქმედება მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც. კომპანიის გათვლებით, საწყის ეტაპზე, ობიექტში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება, ხოლო წარმოების გაფართოებასთან ერთად სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება.
საწარმოს ფოკუსი პირველ ეტაპზე კარების წარმოება იქნება. მოგვიანებით კი, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია სხვა მიმართულებების განვითარებასაც გეგმავს. ანდრო გაბაიძის თქმით, სრულად იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება პირველ ეტაპზე, რთული იქნება, თუმცა ადგილობრივი წარმოება საშუალებას მისცემს კომპანიას, მომხმარებლებს შესთავაზოს არასტანდარტული და ინდივიდუალური შეკვეთები, რაც აქამდე ხშირად ხანგრძლივ მოლოდინთან იყო დაკავშირებული. „ადგილობრივ ბაზარზე წარმოება მოგვცემს უფრო მეტ მოქნილობას მიწოდების კუთხით და მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას“, - აღნიშნა მან.




























