მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gabuild Group ჰოლდინგურ მოდელზე გადავიდა და ინტერიერის სრულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს

GABILDI

Gabuild Group ინტერიერის გადაწყვეტილებების ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელ ბრენდსა და მიმართულებას ერთ სტრატეგიულ სისტემაში აერთიანებს. ჯგუფში შედის მულტიბრენდული კარების ქსელი „გაბილდის“ საგამოფენო სივრცეებით, პრემიუმ კარების წარმომადგენლობითი საგამოფენო სივრცით ProfilDoors და თანამედროვე ავეჯის ბრენდი NORDE.

ბრენდის განვითარებასა და ჰოლდინგურ მოდელზე გადასვლის პროცესზე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ Gabuild Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიამ ჯმუხაძემ და ფინანსურმა დირექტორმა ანდრო გაბაიძემ ისაუბრეს.

როგორც მარიამ ჯმუხაძემ აღნიშნა, კომპანიის სტრუქტურის ცვლილება და ჰოლდინგურ ფორმატზე გადასვლა განვითარების ლოგიკური ეტაპი იყო.
„კომპანიის სტრუქტურა სრულად შეიცვალა და „გაბილდი ჯგუფი“ უკვე წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც სამ მსხვილ მიმართულებას აერთიანებს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, „გაბილდის“ საგამოფენო სივრცეები მომხმარებლისთვის უკვე შვიდ წელზე მეტია ცნობილია კარის მიმართულებით, როგორც იმპორტიორი კომპანია. მოგვიანებით გაიხსნა პრემიუმ კარების შოურუმი ProfilDoors, ხოლო შემდეგ დაემატა ავეჯის მიმართულება – NORDE.
„დღეს ჩვენი კარი და ავეჯი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი, რათა მომხმარებელს ინტერიერის სრულყოფილი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. სწორედ ამან გაზარდა კომპანიის მასშტაბები და გამოიწვია ჰოლდინგურ მოდელზე გადასვლის საჭიროება“, – აღნიშნა მარიამ ჯმუხაძემ.

მისი ინფორმაციით, ჯგუფში რებრენდინგის პროცესიც მიმდინარეობს, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს ფილიალების გადაბრენდვასა და ვიზუალური იდენტობის განახლებას.
„ბრენდის მთავარი სათქმელი და იდენტობა უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა რებრენდინგი გრძელვადიანი პროცესია და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს“, – განმარტა მან.

„გაბილდი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის, ანდრო გაბაიძის განცხადებით, ჰოლდინგურ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომპანიის დივერსიფიკაცია და მხოლოდ კარის მიმართულებაზე დამოკიდებულების შემცირება იყო : „როდესაც ProfilDoors-ს დაემატა NORDE და რამდენიმე ბრენდი ერთ სივრცეში გავაერთიანეთ, საჭირო გახდა მომხმარებლისთვის მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ კარის კომპანია“, – აღნიშნა მან.

ანდრო გაბაიძის თქმით, გასული წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა : „საცალო გაყიდვები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო კორპორაციულ მიმართულებაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა პარტნიორი დეველოპერული კომპანიების პორტფელი“, – განაცხადა ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, Gabuild Group-მა თანამშრომლობა დაიწყო ისეთ მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან, როგორებიც არიან „იდეა დეველოპმენტი“, „მირექსი“, „თბილისი ჰილსი“, „თბილისი გარდენსი“ და სხვა მსხვილი მოთამაშეები.
„დეველოპერებთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბიზნესს სტაბილურობას, გრძელვადიან პარტნიორობას და შემოსავლების პროგნოზირების შესაძლებლობას აძლევენ“, – აღნიშნა ანდრო გაბაიძემ.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. Gabuild Group-ში აცხადებენ, რომ მომხმარებელი დღეს უფრო ინფორმირებულია და ხარისხიან პროდუქტსა და სერვისში უფრო მაღალი ფასის გადახდაც მზად არის.
„ინფორმირებული მომხმარებელი უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ამიტომ ჩვენი მიდგომა სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ კომუნიკაციას ეფუძნება“, – აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები