მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაჩერების ზონების არარსებობა და უწყებებთან კომუნიკაციის შემცირება პრობლემად რჩება" - "ტურები და ბილეთები"

WST

კომპანია „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე აცხადებს, რომ ტურისტულ სექტორში არაერთი პრობლემაა დაგროვილი, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის ნაკლებობა და ტურისტული ავტობუსებისთვის გაჩერების ზონების არარსებობა.

მისი თქმით, კომპანია წლიურად დაახლოებით 1 მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში გადასახადების სახით, თუმცა, სექტორს მხარდაჭერა სჭირდება.

"წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ლარს ვიხდი გადასახადების სახით, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. თუმცა, ამის მიუხედავად, მხარდაჭერა მაინც გვჭირდება. სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა დაგვიგროვდა. მაგალითად, ბოლო დიდ შეხვედრაზეც (იგულისხმება ტურიზმის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა) მინდოდა ჩემი პრობლემების გაჟღერება და ჩემი სათქმელის მიტანა, მაგრამ ვერ მოხერხდა - ვერ მოიცალეს ჩვენთვის", - თქვა მან.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის ტურისტული ავტობუსებისთვის განსაზღვრული გაჩერებების არარსებობას ასახელებს. მისი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში ფართოდ არის დანერგილი „სითი ტურების“ ფარგლებში, თუმცა თბილისში ასეთი სივრცეები არ არის გამოყოფილი.

ჭელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია საერთაშორისო პლატფორმებზე, GetYourGuide-სა და Viator-ზე, სადაც კომპანიებს კონკრეტული მისამართის მითითება სჭირდებათ. მისივე თქმით, რეალურად მათ არ აქვთ ადგილი, სადაც ტურისტებს უსაფრთხოდ და კანონის ფარგლებში ჩასვამენ.

„უნდა მივუთითოთ, მაგალითად, თავისუფლების მოედანი, მაგრამ იქ გვაჯარიმებენ. გუშინაც 200-ლარიანი ჯარიმა დაგვიწერეს. ერთი წუთით ჩავსვით ტურისტი, ამის გამო გამოგვეკიდნენ და დაგვაჯარიმეს“, - აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, მისივე თქმით, პრობლემად რჩება უწყებებთან კომუნიკაციის შემცირებაც. ჭელიძე იხსენებს, რომ წარსულში მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდებოდა, სადაც სექტორის წარმომადგენლები პრობლემებს აყენებდნენ და უწყებისგან მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციას იღებდნენ.

„ადრე, როცა სევდია უგრეხელიძე იყო მერის მოვალეობის შემსრულებელი, თვეში ორჯერ ტარდებოდა შეხვედრები ტურიზმის თემაზე - რა პრობლემა იყო, რა ხდებოდა, მაგალითად, თუ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, გვაწვდიდნენ ინფორმაციას შემოვლით გზებზე. ახლა საერთოდ მოკვდა მაგ თემაზე ლაპარაკი. სტრატეგიაზე კი არა, საერთოდ არაფერზე აღარ არის საუბარი“, - ამბობს ჭელიძე.

მისი შეფასებით, ამგვარი კომუნიკაციის აღდგენა და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები