მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაჩერებული ავტომობილები გაჩერებული ეკონომიკაა" - ავტოიმპორტიორები აქციას მართავენ|მოთხოვნები

232

ავტოიმპორტიორები ჰუალინგის ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გაზრდას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ჩართულობით მოხდეს.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ნონიაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც პარლამენტში ბიზნესის ჩართულობის გარეშე ხდება, არანაირი დადებითი ასპექტი არ აქვს და უამრავ ადამიანს დააზარალებს.

"შევიტანეთ განცხადება საპატრულოში, გვინდოდა მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ჩაგვეტარებინა თბილისის ქუჩებში, მაგრამ მოგვივიდა უარი, ეს ცოტა გაუგებარია. ჩვენ არ ვაპირებდით მოძრაობის შეფერხებას, გვინდოდა მშვიდობიანად დაგვეფიქსირებინა აზრი. რადგან უარი მივიღეთ, გადავწყვიტეთ, შევკრებილიყავით ჰუალინგის ტერიტორიაზე. პერფორმანსის შინაარსი არის, რომ გაჩერებული ავტომობილები, ეს გაჩერებული ეკონომიკაა. ამ გადაწყვეტილებით ავტოიმპორტიორები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს, ეკონომიკა ბრუნვას კარგავს. 2 მილიონამდე ავტომფლობელია და ელემენტარულად არა აქვთ იმის ფუფუნება ამ ადამიანებს, რომ შეიძინონ საკმაოდ ძვირად ეს ავტომობილები. აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ფინანსურ შეზღუდვებს, რომ ახალი ავტომობილი შეიძინონ და შემოიყვანონ ქვეყანაში. იძულებულები გავხდებით, რომ ისევ ძველი ავტომობილებით ვიმოძრაოთ და ეს ეკოლოგიას ნამდვილად ხელს არ შეუწყობს. ამ გადაწყვეტილებას არავითარი დადებითი მხარე არ აქვს. სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ეს კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. კიდევ ერთხელ მივმართოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და არ არის სავალდებულო, რომ ფორსირებულ რეჟიმში გადაწყვეტილებები მიიღოს პარლამენტმა და ისე იქნეს თუნდაც თემა განხილული, რომ ბიზნესის წარმომადგენლები არ დაგვასწრონ თუნდაც საპარლამენტო მოსმენაზე, სადაც ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ჩამოვაყალიბებთ, ვეტყვით რატომ ვფიქრობთ ასე და ისინი გვეტყვიან თუ რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ის არის, რომ გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული ბიზნესთან გარკვეული შეთანხმების გარეშე",- ამბობს ალექსანდრე ნონიაძე BMG-სთან.

მან ასევე განმარტა, თუ რა არის ასოციაციის შეთავაზება: "ახლა [აქციზი] არის 4.5 ლარი 6 წელზე ზემოთ ავტომობილების განბაჟების და 6 წელზე ქვემოთ არის 1.5 ლარი. რა თქმა უნდა, ეს 6 წელი უნდა გაუთანაბრდეს 10 წელს, ხოლო განბაჟების თანხა უნდა შემცირდეს. აი რამდენად შემცირდება ამაზე არის საუბარი და საჭიროა შეჯერება ერთობლივი პოზიციების. ასოციაცია საერთოდ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ფორმით გაძვირებაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ მოდიან ამ შეთანხმებაზე, იძულებულები ვართ, რომ რაღაც შუალედური ვარიანტი გამოვნახოთ. თორემ იყო 80 თეთრი და პირიქით მივესალმებით თუ იქნება 40 თეთრი, მაგრამ ფაქტია, რომ 80 თეთრის ნაცვლად გვთავაზობენ 4.5 ლარს. ამიტომ რაღაც გარკვეულ დათმობებზე ჩვენც უნდა წავიდეთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ თემაზე იმსჯელონ და მათაც მოუწევთ ვფიქრობ, რომ დათმონ, იმიტომ რომ ხედავთ რამდენ ადამიანს აქვს პრობლემა",- აღნიშნა მან.

აქციზის ახალი განაკვეთები ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს, ამიტომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით უკვე მიიღეს კიდეც. როგორც ცნობილია, ცვლილების შედეგად აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

"ბიზნესის ადგილი არ მოიძებნა... რატომ განიხილება [ავტომანქანების განბაჟების] გაძვირება თითქმის ცარიელ დარბაზში?"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები