მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაჭიანურების და კურორტის გახსნის გადავადების გამო, ივანიშვილის ფონდმა Paragraph აბასთუმნის აქტივების ₾64 მლნ ჩამოწერა

აბასთუმანი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ტურიზმის განვითარების ფონდი" აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროს განვითარების პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს. "პარაგრაფის" ბრენდის სასტუმროს 140 ნომერი უნდა ჰქონდეს. თუმცა, პროექტი უკვე არაერთი წლის ვადაგადაცილებით მიმდინარეობს, რის გამოც ფონდმა სასტუმროს აქტივების გაუფასურება მოახდინა. ფინანსური ანგარიშგებების შედგენისას კომპანიები ვალდებული არიან აქტივების რეალური ღირებულება მიუთითონ, რის გამოც პერიოდულად მათი ღირებულების გადათვლა ხორციელდება, რასაც დაქირავებული აუდიტორული კომპანიები ახორციელებენ.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში შპს "ცისარტყელას" საბალანსო ღირებულება 68.7 მილიონი ლარიდან 4.4 მილიონ მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც აქტივებიდან 64 მილიონი ლარის ჩამოწერას ნიშნავს.

"შპს ცისარტყელა– Paragraph Wellness Resort & Spa, Abastumani – სასტუმრო მდებარეობს ისტორიულ კურორტზე აბასთუმანში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც ცნობილია სამკურნალო კლიმატით, და პოპულარული იყო გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურებით მე-19 და 20-ე საუკუნეებში. პროექტი გააერთიანებს 140 ნომრიან სასტუმროს, საოცარი ხედებით წიწვოვან ტყეზე. ნაგებობები მოიცავს სპას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს და ტერასას სახურავზე, 360° პანორამული არეალით.

ხელმძღვანელობამ გამოავლინა გაუფასურების ინდიკატორები და გააკეთა გაუფასურების ტესტის თავდაპირველი შეფასება. ამ ანალიზზე დაყრდნობით, აბასთუმანში (შპს ცისარტყელა) მიმდინარე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების ანაზღაურებადი ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი საბალანსო ღირებულებისგან 2024 წლის 31 დეკემბრისათვის. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გარე დამოუკიდებელი შემფასებელი ექსპერტის, შპს „ეკოვის ჯეორჯია აუდიტ“ დაქირავება, რათა განისაზღვროს ანაზღაურებადი ღირებულება 2024 წლის 31 დეკემბრისათვის.

ექსპერტებმა ანაზღაურებადი ღირებულება განსაზღვრეს ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულისათვის (CGU) როგორც უდიდესი თანხა გაყიდვის დანახარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებასა (FVLCD), და გამოყენების ღირებულებას (VIU) შორის.

ექსპერტებმა VIU-ს შეფასებისას გამოიყენეს დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მეთოდი და შეფასებაში დაეყრდნენ აქტივის მიერ ამონაგების გენერირების უნარს 5 წლიანი დისკონტირებული ფულადი ნაკადების გამოყენებით, ქონების წმინდა მიმდინარე ღირებულების დასადგენად. გამომდინარე იქიდან რომ სავარაუდოდ ქონებისგან გაგრძელდება ფულადი ნაკადების წარმოქმნა შემდგომ პერიოდშიც, გამოითვლება მისი გრძელვადიანი ზრდის განაკვეთები პერპეტუიტში (terminal value) და დისკონტირდება ახლანდელ ღირებულებამდე.

შემოსავლის მიდგომა (გამოყენების ღირებულება) უარყოფით მიმდინარე ღირებულებას აჩვენებს. ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ქონების ანაზღაურებადი ღირებულება უტოლდება მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას, ხოლო შენობის ღირებულება დამოუკიდებლად განისაზღვრა დანახარჯების მიდგომის გამოყენებით.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ცისარტყელა“ საბალანსო ღირებულება შეადგენდა 68,715 ათას ლარს, რაც აღემატებოდა მის ანაზღაურებად ღირებულებას — 4,417 ათას ლარს; შედეგად, აღიარებულ იქნა 64,297 ათასი ლარის ოდენობის გაუფასურება,"- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

აბასთუმანში ტურიზმის განვითარების ფონდის გარდა მაღალი კლასის სასტუმროების განვითარებაზე სხვა კერძო ინვესტორებიც მუშაობენ. კერძო ინვესტორების და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების მიუხედავად კურორტის ოფიციალური და სრულმასშტაბიანი გახსნა ამ დრომდე არ მომხდარა და უკვე რამდენიმე წელია ჭიანურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები