თბილისის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე არანაირი პრობლემა აღარ არის.
საქმე ის არის, რომ მედიასაშუალებების ნაწილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე, სავარაუდოდ, ახალი ნაპრალები გაჩნდა.
„არანაირი პრობლემა აღარ არის. თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და ამ ადგილებზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ახალ გზაზე გადაადგილება ყველასთვის უსაფრთხო იყოს. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ: ვაშლიჯვრის ფერდობზე მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. რამდენიმე თვის განმავლობაში საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო, თუმცა ახლა მოძრაობა გახსნილია და მერიაში ირწმუნებიან, რომ იქ საფრთხე აღარ არსებობს.