"დეპორტი ახსნა განმარტების გარეშე-საქართველოს საზღვრიდან ყაზახ ტურისტებს მასობრივად აბრუნებენ" - ასეთი სათაურით აქვეყნებს ყაზახური მედია ამბებს, რომელშიც მოყოლილია ტურისტების საქართველოში მოგზაურობის არასასიამოვნო გამოცდილებაზე.
ყაზახურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში წერენ, რომ განსაკუთრებით პრობლემური საქართველოს სასაზღვრო პუნქტია, სადაც ყაზახი ვიზიტორების მიმართ არაკორექტული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. მათი შეფასებით, არის დეპორტაციის ფაქტებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.
ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენთან დაადასტურა ყაზახეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან მოგზაურობს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო წლებში მესაზღვრეების დამოკიდებულება კარდინალურად შეცვლილია.
“2014 წლიდან საქართველოში როგორც ტურისტი შემოვდიოდი, ხოლო 2018 წლიდან უკვე აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. იყო დრო, როცა სასაზღვრო კონტროლის დროს მეგობრულად გვხვდებოდნენ და ერთ ბოთლ ღვინოსაც გვჩუქნიდნენ, მაგრამ მთავარი საჩუქრები და სუვენირები ხომ არ არის, მაშინ იყო სტუმართმოყვარე დამოკიდებულება, იგრძნობოდა სითბო, ამიტომაც გვქონდა სურვილი ჩამოვსულიყავით და დაგვეხარჯა ფული საქართველოში და არა სხვა ქვეყნებში. ქვეყნის შესახებ პირველი შთაბეჭდილება პასპორტ კონტროლის დროს, საზღვარზე გექმნება, ადამიანისგან, რომელიც პასპორტში აკეთებს ბეჭედს, გვიღიმის და გვეუბნება კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში. რასაც ბოლო 4 წელია ვაკვირდები, ყაზახეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა, ძალიან უხეშად ესაუბრებიან ყაზახებს მესაზღვრეები. მე ასეთი რამ თავს 4-ჯერ გადამხდა. ბოლოს 3 თვის წინ ჩამოვფრინდი თბილისში, მესაზღვრე ქალმა ძალიან უხეშად მიპასუხა. მე ვთვლი, რომ ქართველები ძალიან კულტურული ხალხია, თუმცა როცა ისმენ, როგორ გეუბნებიან გაჩუმდი, თორემ დაგარეპორტებ, არ არის სასიამოვნო. შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არა, მაგრამ მე ეს გამოცდილება მქონდა, “- ამბობს ყაზახი ტურისტი.
ყაზახი ტურისტების პრობლემებზე განცხადება ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყაზახეთში ტურისტების მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაა, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს მნიშვნელოვნად აზარალებს. გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია, მსგავსი ფაქტრები კი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.




























