„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესების ფონზე ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, ხელისუფლება კი პროცესების გამოსწორებით დაინტერესებული არ არის.
როგორც ალავერდაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მოვლენების ეპიცენტრში არსებული ტურისტული ობიექტების დახმარებით იყოს დაკავებული, მათი გზავნილი სექტორის გაჩუმებაა.
„ტურიზმის ინდუსტრიას ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა ჰქონდა. გავრილოვის ღამის შემდეგ თანდათან წამოდგა ფეხზე, ჩავარდება, წამოდგება, ჩავარდება, წამოდგება ფეხზე ასეთ რეჟიმში ვიყავით. წელს წამოდგომის პერიოდი ჰქონდა და ნამდვილად 20-25%-იანი ნამატი გვქონდა 1 იანვრიდან. ამ ეტაპზე უკვე ჯავშნების გაუქმების ტენდენციაა და მეორე რაც ცუდია, ივნისში ახალი ჯავშნების შემოსვლა მაქსიმალურად შემცირებულია.
განა რა კანონია ისეთი, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოგიწოდებს არ მიიღოო, ამხელა საპროტესტო ტალღაა, ამდენად აზარალებ ქვეყანას და მაინც ჯიუტად ამბობ ვიღებთო .
კერძო სექტორი 24/7-ზე 365 დღე მუშაობს, ყოველდღიურად ყველა ჩართული ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდოს, 10 მედიას ისრაელში მომუშავე მედიას მივეცი გუშინ ინტერვიუ, რომ წარმოვაჩინოთ ქვეყანა ნორმალურად, სულ ვმუშაობთ და მეტი რა უნდა გავაკეთოთ?
ძალიან მშურს თურქეთის, რომელმაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა და აქ მთავარი თემა არის ის, რომ 2 დღეში ერთხელ ტურიზმის სექტორი ხვდება სახელმწიფოს და ერთად სახავენ სამომავლო გეგმებს, ერთად ისმენენ რეალურად რა ხდება, ერთად განიხილავენ პრობლემა თუა როგორ გადაჭრან, შეღავათი თუა დასაწესებელი როგორ გაკეთდეს, ეს ბუნებრივი პროცესია, ასე უნდა მიდიოდეს და ვისურვებდი რომ ასე იყოს ჩვენთანაც. დღევანდელი პროცესების ფონზე ვისურვებდი ყოველ დღე თუ არა, რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც გვხვდებოდნენ იმ სასტუმროების, იმ ობიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ. რა გავუკეთოთ, რით დაგეხმაროთ, ეს უნდა იყოს ამოსავალი და არა ის რომ გაჩუმდით და თქვენი ხმა არ გავიგოთ. დღეს სწორედ არის ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.