თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათამდე პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს. რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ საათებში მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში მოხდება. ეს ძირითადად ცენტრალური ტერიტორია და ის ადგილები იქნება, სადაც მობილობა მაღალია. შეზღუდვა შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება, ანუ M2 და N1 მოძრაობა დასაშვები რჩება.
ერთ-ერთი სექტორი, რომელიც შესაძლო შეზღუდვების ამოქმედების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს, სამშენებლო სექტორია. აღნიშნული ფაქტი ახსენა დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმაც. კალაძე აცხადებს, რომ სექტორთან ამ მიმართულებით კომუნიკაცია მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ამ მიმართულებით ასოციაციის ფორმატში მერიასთან შეხვედრა ჰქონდათ და პირველადი დოკუმენტის კორექტირება მოხდა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ბიზნესის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლო შეზღუდვები საგამონაკლისო სახით კონკრეტულ სექტორებზე ან სრულად ან ნაწილობრივ ამოქმედდება. მათ შორისაა სამშენებლო სექტორი და ნავთობკომპანიები, რომელთათვისაც ქალაქში გადაადგილება შეზღუდული მხოლოდ საღამოს 17-დან 20 საათამდე იქნება. ვეფხვაძის თქმით, ისინი მუშაობას დილის საათებში ჩვეულებრივ შეძლებენ.
“შეზღუდვები გარკვეული რჩება და ეს ბიზნესისთვის იქნება გამოწვევა, რომ მათ ახალ რეალობაზე გადააწყონ ბიზნეს საქმიანობა. ამ დოკუმენტზე ჩვენ ვიმუშავეთ, საწყისი დოკუმენტი იყო ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე და მივედით აქამდე. სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით ეს უკავშირდება უწყვეტი ჩასხმის რეჟიმის შენარჩუნებას, ვგულისხმობ ბეტონის ჩასხმას. მთავარი გამოწვევა მაინც აქ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ დღის პირველი ნახევარი ამოვარდა და გამონაკლისებში მოხვდა. შესაბამისად, ბეტონმზიდი მანქანები დილის საათებში შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას, თუმცა საღამოს საათები ისევ შეზღუდვებში რჩება. ეს ნიშნავს, რომ მათ საქმიანობის დილით ადრე დაწყება მოუწევთ, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ შეიძლება პრობლემა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ, რომ ბეტონის ჩასხმა შეიძლება იწვევდეს ხმაურს და თუ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება დისკომფორტი, ეს იქნება პრობლემა”-ამბობს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.