7 ოქტომბერს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციამ GMP-ის სტანდარტების გადასვლის თარიღის 2027 წლამდე გადავადების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა.
BM.GE-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, მიღებული აქვს თუ არა სამინისტროს გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან სანამ ისინი პრემიერს მისწერდნენ, კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანდაცვის უწყებასთან.
ეკატერინე ტიკარაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ GMP-ის სტანდარტის გადავადებას შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი მტკიცებით, სექტორსა და უწყებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.
„სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მუდმივად ისმის კომუნიკაციის ხარისხზე უკმაყოფილება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს ძალიან მაღალი კომპეტენციები აქვს კომუნიკაციის მხრივ და პროფესიონალურის მხრივ. ჩვენ ამას გავდივართ არამხოლოდ გუნდში, არამედ ფარმაცევტებთანაც და როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მაშინ დავუბრუნდები თქვენს კითხვას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
BMG-ის ჩაკითხვაზე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება სამინისტრომ, მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.