მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაიქცევა თუ არა Glovo სოციალურ ქსელად? — TECH INFORM-ის ინტერვიუ შირო ტეურისთან

შირო ტეური

საკვებისა და პროდუქტების მიტანის ევროპულმა გიგანტმა Glovo-მ აპლიკაცია განაახლა და რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. სულ მალე, Glovo-ში TikTok-ისა და Instagram Reels-ების მსგავსი ვერტიკალური ვიდეოები, Spotify-ის მსგავსი საკვების ფლეილისტები და სოციალური მედიის სხვა ფუნქციონალი გამოჩნდება. Glovo Next-ის შესახებ კომპანიის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, შირო ტეურიმ TECH INFORM-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

შირო, მიხარია, რომ Yellow Park-ში, Glovo-ს გლობალურ სათავო ოფისში ვარ. მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი აქ სხვა ადამიანებთან ერთად, Glovo Next-ია. ღონისძიება, რომელზედაც Glovo-ს მომავალი წარმოადგინეთ. მესმის, რომ Glovo-ს ახალ ვერსიას საკვების მიტანის სოციალურ ქსელს არ უწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ახალი და საინტერესო ფუნქციონალი დაამატეთ, რომელთაც სოციალური ქსელებიდან ვიცნობთ. ხომ ვერ ამიხსნით პროცესს - რა შეცვალეთ და რატომ შეცვალეთ Glovo-ში? რა იყო ამ ყველაფრის მოტივაცია?

დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან გვიხარია, რომ დღეს Yellow Park-ში გიმასპინძლეთ. დღეს Glovo-ს აპლიკაციაში სამ ტრანსფორმაციულ ფუნქციონალს ვაანონსებთ, ესენია: ვიდეო, სოციალური მხარე და Picks-ი. ამ ყველაფრით იმ გამოცდილების შეცვლა და გაუმჯობესება გვსურს, რომელსაც მომხმარებელი ჩვენი აპლიკაციის გამოყენებისას იღებს. გვინდა, მომხმარებლებს ერთმანეთთან და რესტორნებთან ურთიერთობის დამატებითი შრეები შევუქმნათ.

პირველი ფუნქციონალი, რომელსაც ვამატებთ - ვიდეოა. წარმოიდგინეთ, რომ TikTok-ის გამოცდილებას იღებთ, ოღონდ Glovo-ს აპლიკაციაში. ხშირად ვიმეორებთ, რომ სოციალური ქსელი არ ვართ, მაგრამ გარკვეულ გამოცდილებებს ვიღებთ, რომელთაც ადამიანები სხვა პლატფორმებიდან იცნობენ და მათ ჩვენს აპლიკაციაში ვაინტეგრირებთ. ამიერიდან, რესტორნები, რომლებიც ამ ტიპის კონტენტს ისედაც ქმნიდნენ და სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ, შეძლებენ ვიდეოები ჩვენს აპლიკაციაში გააზიარონ, რისთვისაც სპეციალური ადგილი ექნებათ. ამ კონტენტს მომხმარებლებს გავუზიარებთ, რომლებიც შეძლებენ კერძები პირდაპირ ვიდეოდან შეიძინონ.

მეორე ფუნქციონალი, რომელსაც ვამატებთ - Picks-ია. მომხმარებლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ საყვარელი კერძების და რესტორნების სიების შექმნა სურთ, რაც ამ დრომდე შეუძლებელი იყო. აი, მაგალითად - თუ მინდა შევადგინო ჯანსაღი კერძების ან რესტორნების ჩამონათვალი, რაც მანამდე რთული იყო, რადგან არ არსებობდა ადგილი, სადაც ამას გავაკეთებდი, Picks-ით მომხმარებლებს საკვების ერთგვარი ფლეილისტების შექმნა შეუძლიათ, პირდაპირ Glovo-ს აპლიკაციაში.

კიდევ ერთი ფუნქციონალი, რომელიც დავამატეთ, სოციალურ მხარეს უკავშირდება. ამ ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, თქვენ გარშემო ადამიანების გაერთიანებას შეძლებთ, რომელთა მონაცემებს სატელეფონო წიგნაკიდან გააზიარებთ. ამ ადამიანებისთვის, ანუ თქვენი მეგობრებისთვის კონკრეტული სიგნალების გაზიარებას შეძლებთ იმის თაობაზე, თუ რა მოგწონთ და რა გირჩევნიათ, რაც Glovo-ს აპლიკაციაში საერთო გამოცდილებას შექმნის… აი, ეს არის ის, რაც დღეს წარმოვადგინეთ.

აპლიკაციაში სოციალური მედიის ფუნქციონალის დამატების მოტივაცია მესმის, რადგან TikTok-ის და Instagram Reels-ის მსგავსი პლატფორმები დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. თუმცა, ხომ ვერ ამიხსნით, თუ რა არის ამ გადაწყვეტილების საქმიანი მოტივაცია, ანუ რა მიზნის მიღწევა გსურთ ახალი ფუნქციონალით — არის ეს მომხმარებლის შენარჩუნება თუ ახალი მომხმარებლის მოზიდვა?

Glovo-ში ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება. ახლა კი, ამ მიდგომის აღსრულების დრო დადგა. ჩვენ, ისევე, როგორც ყველა ტექნოლოგიური კომპანია, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს მთავარ პროდუქტს ვავითარებდით, მაგრამ ახლა ჩვენს ამბიციურ მიზნებს ავყევით და ახალი მიმართულებები ავითვისეთ, რასაც “ინოვაციურ ფსონებს” ვუწოდებთ. ამ პროექტებისთვის თანხების და რესურსების მობილიზებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რადგან ასეთი პროექტი, როგორც წესი, ამართლებს ან ფიასკოს განიცდის.

მოტივაციის კუთხით, გადავწყვიტეთ ახალი მიმართულება განვავითაროთ და მომხმარებელს ის გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც საკვების მიტანის ძირითადი პლატფორმისგან ამ დრომდე არასდროს მიუღია. უკუკავშირსაც ვიღებთ და ვარკვევთ, თუ როგორ იყენებენ ამ ფუნქციონალს და მოეწონათ თუ არა ის, რათა განვითარება გავაგრძელოთ, როგორც ამ მიმართულებით, ასევე სრულად ახალი ტრაექტორიით.

ჩვენთვის, ეს ინოვაციაა. არასტანდარტულად ვფიქრობთ და გვსურს, შევცვალოთ ის გამოცდილება, რომელიც საკვებისა და პროდუქტების მიტანის სერვისის კუთხით დღეს მსოფლიოში არსებობს.

შირო, პრეზენტაციის დროს იმ პროცესების შესახებ მოგვიყევით, რაც Glovo-ს ტექნოლოგიურმა გუნდმა აპლიკაციაში სოციალური მედიის ფუნქციონალის დასანერგად გამოიარა. ისიც თქვით, რომ ცვლილებები რეკორდულად მოკლე დროში დაინერგა. მინდა გკითხოთ, თუ რატომ მოხდა ეს ასე და რა კონკრეტული პროცესები გამოიარა თქვენმა გუნდა იმისთვის, რომ Glovo-ს აპლიკაცია განახლებულიყო?

პირველი, რაც გავაკეთეთ და ვცდილობთ, რომ ეს მუდამ გავაკეთოთ — ჩვენი ტექნოლოგიური გუნდისგან საინტერესო იდეების შეგროვებაა. ამისთვის, ჰაკათონებს ვაწყობთ, რომელთა ფარგლებში თანამშრომლები ახალ და საინტერესო პროდუქტებს ქმნიან. ადრე, ამ იდეების უმეტესობა აპლიკაციაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ ის, რაც ახლა Glovo Next-ის ფარგლებში წარმოვადგინეთ, რეალურად, სწორედ ამ პროცესის შედეგი იყო.

ჩვეულებრივ დროს, ფოკუსჯგუფებში კვლევებს ვატარებთ და მიღებულ ცოდნას აპლიკაციასთან დაკავშირებით დასკვნების გამოსატანად ვიყენებთ. ზოგიერთი იდეა ჩვენს გეგმებში ხვდება, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ამ პროექტებზე მუშაობას იწყებს. თუმცა ეს შემთხვევა შინაარსობრივად განსხვავებული იყო, რადგან ეს იდეები გუნდისგან ერთი წლის წინ მივიღეთ და მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ფოკუსჯგუფებში და მომხმარებლებთან ერთად ვამუშავებდით, რათა გვენახა, თუ რა რეაქცია ჰქონდათ აპლიკაციაში ვიდეოების, სოციალური ასპექტების და Picks-ის გამოჩენაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტის ეს ეტაპი გაიწელა, პროექტის გასაცოცხლებლად კონკრეტული ბოლო ვადები დავისახეთ. დრო, მაინცდამაინც ცოტა არ გვქონია, რადგან ამ თემაზე წლები ვმუშაობდით, რამაც გუნდს მისი გაცოცხლების მოტივაცია შემატა.

ჩემი დაშვებაა, რომ სიახლეების შესახებ პარტნიორებს, მათ შორის რესტორნებს, კაფეებსა და მაღაზიებს ესაუბრეთ. რა რეაქცია ჰქონდათ ამ ადამიანებს, როცა ახალი ფუნქციონალის შესახებ შეიტყვეს, რომლის დამატება გსურდათ? რას ფიქრობენ ისინი ახლა, როცა შესაფასებლად საკმარისი დრო გავიდა?

ჩვენ მიერ გამოკითხული მომხმარებლების და პარტნიორების უკუკავშირი დადებითია, მათ ეს იდეა მოსწონთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბევრი ჩვენი პარტნიორი ამ ტიპის კონტენტს ამ დრომდეც ქმნიდა. Instagram-ზე ან TikTok-ზე რომელიმე რესტორნის გვერდს თუ გამოიწერთ, იმავე კონტენტს დაინახავთ, რომელსაც ახლა საკვების მიტანის აპლიკაციაში ვამატებთ. ჩვენთვის, ეს ყველაფერი სხვა პლატფორმებზე გაფანტულად არსებული ფუნქციონალის ერთ აპლიკაციაში გაერთიანებას ნიშნავს, რაც პარტნიორებს მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალ გზებს მისცემს. უკუკავშირი დადებითია, ჩვენ კი ახალ ფუნქციონალს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვთავაზობთ.

ის, რაზედაც თქვენ საუბრობთ, დიდი უპირატესობაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც, რომელიც Glovo-სთვის და მთლიანად საქართველოსთვის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს. მესმის, რომ კონკრეტული თარიღები ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ხოლო ფუნქციონალის გაშვება ბარსელონიდან დაიწყეთ, მაგრამ რა არის განახლების დაახლოებითი გრაფიკი, რომლის გაზიარება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით შეგიძლიათ?

კონკრეტულ დეტალებს ვერ დავასახელებ, რადგან ის დიდწილად იმ უკუკავშირზე არის დამოკიდებული, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში გაშვების დროს ვიღებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ახალი ფუნქციონალი მთელ მსოფლიოში მომდევნო თვეებში გაეშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები