სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება. დღეს პარლამენტში „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ეს არის გადამხდელთა სააგენტოს შექმნა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. გადამხდელთა სააგენტოდ დღეს მოქმედი სოფლის განვითარების სააგენტო უნდა ფორმირდეს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და სრულყოფა იქნება. ასევე შეიქმნება ფერმერული მეურნეობების რეესტრი.
„ამ კანონის პროექტით განისაზღვრება გადამხდელთა სააგენტოს ფორმირება, ეს არის ზუსტად ის სააგენტო, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში ახორციელებს მიზნობრივ გადახდებს. გადამხდელთა სააგენტოს შემთხვევაში რა თქმა უნდა თანხების განაწილების და ფერმერებამდე სწორად მისვლის უკეთესი და ევროპული სტანდარტები და მოდელები იქნება დანერგილი.
უმნიშვნელოვანესია ასევე ფერმერული მეურნეობების და სოფლად საწარმოთა რეესტრი, რომელშიც დარეგისტრირებული იქნება ყველა ფერმერული მეურნეობა თუ მასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული, ერთის მხრივ ჩვენ, სახელმწიფოს მოგვცემს ძალიან კარგ ხედვას ვის, როგორ, რა ფორმით უნდა დავეხმაროთ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა კარგ მონაცემებს და სტატისტიკური ანალიზის საშუალებას შექმნის“,- აცხადებს ნინო წილოსანი.
"კანონპროექტის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი
მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვა., განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის.
სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზისა და დაგეგმვის პირობებში, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებლებისთვის.ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციონალურად დატვირთული იქნება და ფერმერთა უმრავლესობა რეგისტრირებული, ხოლო რეესტრის სტატისტიკური მონაცემები გამოიყენება პოლიტიკის დაგეგმისთვისა და მართვისთვის",-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა, ნაწილი - მათ შორის გადამხდელთა სააგენტოს საქმიანობის დაწყება და ფერმერთა რეესტრის წარმოება უკვე 2026 წლიდან არის გათვალისწინებული.