ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 320 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი სრულად დაბინავებულია. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მევენახეობის მთავარ რეგიონებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 291 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს მოსავლის დაბინავება როგორც კახეთში, ისე რაჭა-ლეჩხუმში ნაადრევად დაიწყო: კახეთში 13 აგვისტოდან, რაჭაში 23 სექტემბრიდან და ლეჩხუმში 4 ოქტომბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში და რაჭაში რთველის პიკური პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვეოდა, საორგანიზაციო შტაბის მიერ უზრუნველყოფილი იყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი.
ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან, გადამუშავებულია:
რქაწითელი - 136 ათასი ტონა
საფერავი - 130 ათასი ტონა
კახური მწვანე - 5,9 ათასი ტონა
ალექსადრეულ/მუჯურეთული, რაჭა - 1618 ტონა
ცოლიკაური, ცაგერი - 753 ტონა
დანარჩენი სხვა ჯიშების ყურძენია
ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების 1 კგ ყურძნის ფასები:
რქაწითელი - 1.00-დან 1.20 ლარის ფარგლებში
საფერავი - 1.50-1.60 ლარის ფარგლებში
ალექსანდრეულ/მუჯურეთული - 8.00 ლარი
ცოლიკაური (ტვიშის) – 8.00 ლარი, ცაგერის ცოლიკაური - 5.00 ლარი.
მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება განხორციელდა:
• კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
• ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს. ხოლო მევენახეებმა, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობამ დაუკომპენსირა სხვაობა ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
• რაჭის რეგიონში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
"საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1.00 ლარად ჩააბარეს. სულ გადამუშავდა 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი. სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სპირტის დასამზადებლად გადაამუშავა", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.