მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადამყვანი კომპანია Buslines-ი ახლა 25%-იანი დატვირთვით მუშაობს - ვინ სარგებლობს რუსეთის რეისებით?

რუსეთი

მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 25%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გელა ჯიშკარიანი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, Buslines-ი, რომელიც უკვე მე-6 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და რეისებს თურქეთსა და რუსეთში, მათ შორის მოსკოვი/ივანოვო/პეტერბურგის მიმართულებებზე ასრულებს, ზამთრის სეზონზე ტრადიციული კლების ნიშნებს აჩვენებს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული დატვირთვა ამ ტიპის ბიზნესისთვის ჩვეულია, თუმცა გაზაფხული-ზაფხულზე, როდესაც ტენდენცია უმჯობესდება, კომპანიას ახალი მიმართულებების დამატება და საერთაშორისო გადაზიდვების გააქტიურება აქვს დაგეგმილი.

"ზამთარში, როგორც წესი, ტენდენცია შენელებულია, თუმცა გაზაფხული-ზაფხულისთვის გვსურს, რომ მომხმარებელს ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. იგეგმება რუსეთიდან ჩამომსვლელი ტურისტებისთვის საქართველოში ტურების შემუშავება. ანუ საქართველოში შიდა ტურიზმის გააქტიურება.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად რუსეთში მცხოვრები ქართველები არიან. ამ დროისათვის დაახლოებით 25%-ით ვართ დატვირთული. 50%-მდე თუ ავდივართ, მიღწევაა. ზაფხულში 90-95% გვაქვს დატვირთვა - დაახლოებით 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. შემდეგ, მგზავრთნაკადი იკლებს“, - თქვა მან.

რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, მაგალითად, მოსკოვამდე საფასური 200 ლარია, ხოლო თურქეთში მგზავრობის ღირებულება 100-150 ლარს შეადგენს. ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ტარიფების შენარჩუნება ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად ხდება: სავალ ნაწილებს კომპანია თურქეთიდან ყიდულობს, საწვავს კი რუსეთში ავსებს, სადაც ის შედარებით იაფია.

ამ დროისთვის Buslines-ს 3 ავტობუსი და დამატებით შედარებით მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებები ჰყავს, ჯამში 8 ერთეული. თითოეულ ავტობუსზე ორი ქართველი მძღოლი მუშაობს, ხოლო რუსეთის საზღვარზე მათ მესამე მძღოლი ემატება, რათა სამუშაო დროის რეგულაციები დაცული იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები