"იმისთვის, რომ თითოეულ ტონაზე რამდენიმე ათეული დოლარი დაგვეზოგა, დიდი მოცულობით ტვირთი [ექსპორტზე] გავიტანეთ", - ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზში" განაცხადეს. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში ფეროშენადნობების წლის 6 თვის ექსპორტის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, კომპანიამ დიდი რაოდენობით პროდუქცია აშშ-სა და ევროპაში დაასაწყობა, თუმცა გატანილი პროდუქცია არ ნიშნავს, რომ ფეროშენადნობების გაყიდვები გაიზარდა.
"იმისთვის, რომ კომპანიას ოპერირება გაეგრძელებინა, სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა, საწარმოო სიმძლავრეები, მსხვილი ფინანსური ჩარევები იყო საჭირო. იმისთვის, რომ ეს თანხები მობილიზებულიყო, მივაგენით გზას, რაც გულისხმობს იმას, რომ სილიკონ - მანგანუმი, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ სტაბილური საქონელია, ფინანსების მოსაზიდად გამოგვეყენებინა. ამ მიზნისთვის სილიკომ - მანგანუმი როგორც აშშ-ში, ისე ევროპის მიმართულებით გავიტანეთ. პროდუქტის დაგირავება მოხდა და ფინანსური სახსრები მოვიზიდეთ. ეს გაყიდვა არ არის. გაყიდვების რაოდენობა იმ ნიშნულზე დარჩა, რაც კრიზისის დროს იყო. მაგალითად, 20 ათას ტონა პარტიას თუ გავიტან, არ ნიშნავს, რომ 20 ათასივე ტონა იყიდება. აქედან თვეში 2-3 ათასი ტონა გაიყიდება, დანარჩენი ტვირთი უბრალოდ იქ დევს", - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნავენ, ფეროშენადნობებზე ფასები გაიზარდა, თუმცა არსებული ღირებულება მაინც დაბალია.
"აშშ-ზე რომ აღვნიშნო. კრიზისამდე პერიოდში რაოდენობრივად გაყიდვები 8-დან 9 - ათას ტონამდე მერყეობდა, შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც 3500-დან 4 - ათას ტონამდე ჩამოვედით. ახლა 5-ათას ტონამდე ავედით. ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, რომ კომპანიამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ჯერ კიდევ კრიზისში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვოტირებაზე ფასები გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ფასების ზრდა ნამდვილად ფიქსირდება. ეს ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი, ავსტრალიაში ბუნებრივ კატაკლიზმას ჰქონდა ადგილი. მადნის მომპოვებელ კომპანია South 32-ის საწარმო სიმძლავრეები დაზიანდა და მოლოდინია, რომ 2025 წლამდე არ გაეშვება. მეორე, წითელი ზღვის კრიზისია, სადაც არასტაბილური ვითარებაა. ტვირთები, რომლებიც აღმოსავლეთ ნახევარსფეროში იყო, გადანაწილდა. მაგალითად, ინდოეთმა ახალი გზის მოძიება დაიწყო. ამან ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა ღირებულებამ კვლავ კლებამ დაიწყო", - აღნიშნა გიორგი ტატიშვილმა.
როგორც გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, კომპანია გადარჩენისთვის იბრძვის. მას შემდეგი 6 თვის პროგნოზი უჭირს.
"გასული 6 თვე, როგორც წინა წელიწადი და ნახევარი, ისევ და ისევ გადარჩენისთვის ვიბრძვით. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ ყველა ბენეფიტს, რაც თანამშრომლებისთვის გვქონდა. საწარმოო სიმძლავრეებს საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ვინარჩუნებთ. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ფიქსირებული ხარჯებისგან არის განპირობებული ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტს ვაწარმოებთ, ერთი ტონის ღირებულება მით უფრო ნაკლები გვექნება, წარმადობა რომ შევამციროთ, გამოგვივა, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან არაკონკურენტული გახდება. შესაბამისად, ვაწარმოებთ, ველოდებით უკეთეს დროს, ვქმნით გარკვეულ ნაშთებს. ნაშთები, პირველ რიგში, გვადგება დაფინანსების მოძიებისთვის, ვაგირავებთ ამ ტვირთებს, მერე ვადა გასდის იმ ფინანსირებას და გვიწევს ახალი ტვირთით ჩანაცვლება. პროგნოზებს რაც შეეხება. სექტემბრიდან სამი მსხვილი კონფერენცია იწყება, სადაც ყველა ტრეიდერი თავს იყრის და ბაზარი იქ დგინდება. უფრო მეტი სიცხადე შემოვა, რა და როგორ იქნება", - განაცხადა მან.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე $143 მილიონის ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.4%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობებს მთლიან ექსპორტში 5%-იანი წილით მესამე ადგილი უჭირავს. ყველაზე მეტი ღირებულების, $37 მილიონის ექსპორტი ივნისში შესრულდა, ყველაზე ნაკლები, $9 მლნ. 874 ათასის თებერვალში გაიყიდა. ფეროშენადნობების ექსპორტში თურქეთი ლიდერობს. ივნისში მეზობელ ქვეყანაში $29 მილიონ 3894 ათასის ფეროშენადნობები გაიყიდა. მეორე ადგილზეა ეგვიპტე, $3 მილიონით.