მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

75 წლის წინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადი ჩამოისხა - რა ვითარებაა სექტორში?

რუსთავის ფოლადი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადის ჩამოსხმიდან 75 წელი გავიდა. ქარხანაში, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი მეტალურგიული წარმოებაა მთელს კავკასიაში, ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა ნადნობი 1950 წლის 27 აპრილს დამზადდა, თუმცა ქარხნის ისტორია კიდევ უფრო ადრე იწყება. მისი დაარსების ოფიციალური თარიღი 1948 წელია და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო. ასევე, ათეულობით წლების განმავლობაში, წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო საწარმოს საქართველოში, 1 მილიონი ტონა სხვადასხვა ლითონის პროდუქციის წლიური წარმადობით.

უახლესი მონაცემებით, კომპანია 1 600 ადამიანს ასაქმებს,

2012 წლის იანვრიდან, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მმართველი და მფლობელი შპს “რუსთავის ფოლადია”. კომპანიის 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერჯერობით საჯარო არაა. 2022 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კი, წელი 20.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. საწარმოს შემოსავალმა 2022 წელს 322 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მართალია 2021 წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლები იყო, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წლებში "რუსთავის ფოლადის" შემოსავლები დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

ფეროშენადნობები - საქართველოს TOP საექსპორტო პროდუტი

უკვე წლებია ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელია. საქსტატის 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ფეროშენადნობები ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე, ხოლო ადგილობრივ ექსპორტში მეორე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, 2023 წელი სექტორისთვის კრიზისული იყო. მიმდინარე სტატისტიკა კი მდგომარეობის მცირე გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. 2024 წლის იანვარ-მარტში ფეროშენადნობების ექსპორტმა 72.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 11.4%-ით ჩამორჩება. საპირისპიროდ, ექსპორტის მოცულობა 6%-ით, 70 542 ტონამდეა გაზრდილი, რაც საექსპორტო ფასის კლებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ძირითად საექსპორტო ბაზრებს, პირველი კვარტალის მდგომარეობით, TOP 10 სარეალიზაციო ბაზარი შემდეგია:

  1. თურქეთი - $24.9 მლნ;
  2. აშშ - $19.6 მლნ;
  3. ეგვიპტე - $9.6 მლნ;
  4. რუსეთი - $3.4 მლნ;
  5. უკრაინა - $2.9 მლნ;
  6. იტალია - $1.8 მლნ;
  7. კორეის რესპუბლიკა - $1.6 მლ;
  8. საფრანგეთი - $1.5 მლნ;
  9. აზერბაიჯანი - $1.2 მლნ;
  10. ნიდერლანდები - $1.1 მლნ.

დაბალი მოთხოვნისა და ფასების შედეგად, 2023 წელს, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 280 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი კლება იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ქართველი ექსპორტიორების შემოსავლები ხარჯების დაფარვას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.

გასული წელი მძიმე იყო საქართველოში ფეროშენადნობების ერთ-ერთ უმსხვილესი მწარმოებლისთვის, „ჯორჯიან მანგანეზისთვისაც“, რომელიც 90-წლიანი ისტორიის მქონე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ფლობს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა ხელფასების დასაფარად სხვადასხვა მათ შორის, საკრედიტო რესურსის მობილიზება უწევდათ. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დეტალური ფინანსური მაჩვენებლები საჯარო არაა, რადგან ფინანსურ ანგარიშგებას არ აქვეყნებს. ამის მიზეზებზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2"-ში ისაუბრა. გიორგი ტატიშვილის განმარტებით, კომპანია ფინანსურ ანგარიშგებას ამერიკული - U.S. GAAP-ის პრინციპით ამზადებს, reportal.ge კი კომპანიებს „აიფარესის“ პრინციპით მომზადებულ ანგარიშგებას ავალდებულებს. მისი თქმით, ახალ სისტემაზე გადაწყობა კომპანიისთვის დიდი ხარჯია, ამიტომ „ჯორჯიან მანგანეზს“ 30 000-ლარიან ჯარიმის გადახდა ურჩევნია.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას, დარგობრივი ასოციაციის შეფასებით, სექტორი უმძიმესიდან მძიმე მდგომარეობაში გადავიდა, რასაც ხელი წითელი ზღვის კრიზისის ფონზე, ევროპის ბაზარზე ფეროსილიკომანგანუმზე გაზრდილმა ფასმა შეუწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები