2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, წელსაც საქართველოს საგარეო ვაჭრობაში #1 პოზიცია მსუბუქი ავტომობილებს უკავია $2.2 მილიარდი დოლარით, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ექსპორტში მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $316 მილიონით, რაც წლიურად 113%-ით გაიზარდა და ამ სექტორში შედარებით გააქტიურებაზე მეტყველებს. მესამე ადგილს კი ღვინის ნაცვლად, სპირტიანი სასმელები იკავებს $270 მილიონი დოლარით, რაც ზოგადად ალკოჰოლური სასმელების სექტორში ღვინოზე მეტად სპირტიანი სასმელების შემოსავლიანობაზე მეტყველებს, $262 მილიონით კი მეოთხე პოზიცია ღვინის ექსპორტს უჭირავს.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ასე ნაწილდება:
- მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - $2.2 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
- ფეროშენადნობები - $316 მილიონი, ზრდა წინა წელთან 113%
- სპირტიანი სასმელები - $270 მილიონი, ზრდა წინა წელთან 53%;
- ღვინის ექსპორტი - $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9.2%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $212 მილიონი, ზრდა წინა წელთან 288%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $153 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%;
- გაზირებული შაქრიანი სასმელები - $129 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;
- მედიკამენტები - $110 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%;
- აზოტოვანი სასუქები - $103 მილიონი, კლება წინა წელთან 29%;
- ოქრო დაუმუშავებელი - $96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%.
სხვა დანარჩენი დასახელების საქონელი - 2.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 12%.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6 011.0 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9%-ით), ხოლო იმპორტი 15 098.2 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 9 087.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0%-ია.